29 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა კახეთში გარკვეული ზონები - რეგიონში ინფიცირებულებთან კავშირში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს

სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი პირები "კურიერის" გადამღებ ჯგუფს უყვებიან, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ამ ეტაპზე არ აქვთ და მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ინფიცირებული მედიკოსის მეუღლეა. არსებული ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან ნუკრიანში მეუღლესთან ჩავიდა და პირდაპირი კონტაქტი კიდევ 3 მეზობელთან ჰქონდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისიდან ჩამოსულ სტუმართან ახლო კონტაქტი არ ჰქონით, თუმცა დადგენილ წესებს მკაცრად იცავენ და ლუგარის ლაბორატორიიდან იზოლაციაში მყოფი პირების ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

პარალელურად, კახეთში ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთან კავშირში მყოფი პირების დადგენაც მიმდინარეობს. ამ დრომდე 147 კონტაქტია მოძიებული, დღეს 102 პირს, მათ შორის 67-მდე პერსონალს კვლევა ჩაუტარდა და COVID-19 არც ერთს არ დაუდასტურდა.

ჩაიკეტება თუ არა კახეთში გარკვეული ზონები, ეს რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად დიდი იქნება იმ პირთა წრე, ვისთანაც ინფიცირებულ პირებს პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი ჰქონდათ. ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალურ გეგმაზე უკვე მუშაობს.

ე. წ. ექიმების კლასტერი იზრდება თეთრიწყაროშიც. დღეს კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული მოზარდი და ახალგაზრდა ქალი არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გრძელდება ბენეფიციართა შემოწმება წყალტუბოს სათნოების სახლში. უკვე მოძიებულია ხანშიშესულ ქალთან კავშირში მყოფი 70-მდე ადამიანი. არც ერთ პირს COVID-19 არ დაუდასტურდა. სათნოების სახლში კი განსაკუთრებული ზომები მიიღეს. 

ქვეყანაში არსებული ეპიდსურათი დღეს უწყებათშორისი კომისიის შეხვედრაზე შეაჯამეს. არსებული სტატიკა და ანალიზი აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა.

ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების განცხადებით, დღეიდან ვირუსის პიკის პერიოდი დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება. მოსახლეობას კი კვლავ მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს.

 

დღის ამბები