საქართველოში კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი 58 წლის ქალია. პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ქალს კორონავირუსთან ერთად მწვავე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილის ინფიცირების წყარო სპორტსმენის კლასტერს უკავშირდება.
ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში ყოველდღიურად იცვლება. არ არის გამორიცხული, კლასტერი გაფართოვდეს წყალტუბოში, სადაც ეპიდემიოლოგები სათნოების სახლის ბენეფიციარების კვლევას იწყებენ. მიზეზი ერთ-ერთი მათგანის დაინფიცირებაა. შუახნის ქალი კოვიდდადებითი პაციენტის კონტაქტია, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. უცნობია, ბოლოს როდის მივიდა სათნოების სახლში. დირექტორის ინფორმაციით, ობიექტის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი ამ დრომდე არ დადასტურებია. ადგილზე უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
ყვარელში კი, რომელმაც მწვანე ზონის სტატუსი გუშინ დაკარგა, ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ 50 წლის მედიკოსის ინფიცირების წყაროს. სწორედ ამ კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ამოქმედდება თუ არა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ყვარელში. კოვიდინფიცირებული სასწრაფო დახმარებისა და "ევექსის" ექიმია. ინფიცირებული მედიკოსი ათობით გამოძახებაზე იმყოფებოდა. უკვე მოკვლეულია 150-მდე კონტაქტი, თუმცა ეპიდემიოლოგიური კვლევებით, კახეთის რაიონში მედიკოსის კლასტერი ჯერ არ გაფართოებულა. ექიმი ახლა უკვე პაციენტის სტატუსით მკურნალობის კურსს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კიდევ ერთი პაციენტით გაფართოვდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კლასტერიც. COVID-19 მასთან კონტაქტში მყოფ 56 წლის ქალს დაუდასტურდა. შიდა ქართლში ამ დროისთვის 9 პირია კორონავირუსით ინფიცირებული, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. მედიკოსები რეგიონში ამ დროისთვის ეპიდემილოგიურ სურათს აკვირდებიან.
ინფიცირებულ მედიკოსთა სტატისტიკა დღეს აღარ გაზრდილა მარნეულში. მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახურის 9 თანამშრომელს COVID-19-ის დიაგნოზი ტესტირების შედეგების საფუძველზე დაუსვეს. აქედან მედპერსონალი ორია. სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების ინფიცირება თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.
ქვემო ქართლში ყველაზე მეტი დაზარალებულია. მთლიანი სტატისტიკის 32% სწორედ ამ რეგიონზე მოდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ასეთი პრეცენდენტი მხოლოდ საქართველოში არ არის. ინფიცირებული მედიკოსების რიცხვი 80-ს უახლოვდება.
ხვალიდან კი ქვეყანა შიდა გავრცელების მე-7 კვირაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკის ფაზა იწყება. მედიკოსები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
იმისთვის, რომ გარშემომყოფებისთვის უხილავი სიკვდილის მატარებლები არ აღმოვჩნდეთ, საჭიროა სოციალური დისტანცირება, მათ შორის ოჯახის წევრებთან. მათი რეკომენდაციაა, სიმპტომების მიუხედავად, ვაკონტროლოთ ტემპერატურა, ჩივილების გამოვლენისა და ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტის შემთხევაში კი დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.