29 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
პანდემიის ფონზე ბრენდული მაღაზიები ეკონომიკური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდნენ - ისინი საშეღავათო პერიოდს ითხოვენ

უკვე თვე-ნახევარზე მეტია, ბრენდული მაღაზიების კარი დაკეტილია. სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც დღიურად ათასობით მომხმარებელი ჰყავდათ, გაჩერებულია. რითეილ კომპანიები, რომლებიც ათეულობით საერთაშორისო ბრენდებსა და მაღაზიებს აერთიანებენ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მილიონობით ზარალზე საუბრობენ.

კომპანიების ნაწილმა თითქმის ნულოვანი შემოსავლის ფონზე, როგორც მენეჯმენტში განმარტავენ, თანაშრომლების შენარჩუნება ამ დრომდე შეძლო, ნაწილს მათი განახევრება მოუწია. თუმცა, რა იქნება მომდევნო ეტაპზე, სეგმენტში ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

ბრენდული მაღაზიების ნაწილი ერთი კვირაა მომხმარებლებს დისტანციურად ემსახურება, ნაწილი ამ პლატფორმის გამოყენებას მომავალი კვირიდან შეძლებს.

რითეილ კომპანიების განცხადებით, ზარალი შედარებით ნაკლები იქნებოდა, ონლაინვაჭრობა რომ არ აკრძალულიყო. ბაზრის მოთამაშეების განმარტებით, დისტანციური ვაჭრობის მოცულობა დიდი არ არის. ნაწილი ამბობს, რომ ეს პლატფორმა მათ ფინანსურ მდგომარეობას დიდად არ შეცვლის. ნაწილი კი განმარტავს, რომ ონლაინვაჭრობით მიღებულ თანხებს ეფექტიანად გამოიყენებს.

მომავალი პერსექტივა ბაზრისთვის ბუნდოვანია. გაურკვევლობა რითეილ კომპანიებს, ისევე როგორც ზოგადად ბიზნესს, არ უყვარს, რადგანაც დაგეგმვას ურთულებს. რა იქნება უახლოეს მომავალში - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ სეგმენტს ოპტიმისტური პროგნოზის პირობებშიც კი წლის ბოლომდე კრიზისულ ვითარებაში ყოფნა მოუწევს.

ბრენდული მაღაზიების ძირითადი ნაწილი მოლებშიარითეილ კომპანიებში ამბობენ, რომ დიდი სავაჭრო ცენტრების გვიან გახსნა მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. იმის გათვალისწინებით, რომ სეგმენტის ზარალი დიდია და მათი პროგნოზებიც არასაიმედო, ხელისუფლებას კონკრეტულ საგადასახადო შეღავათებს სთხოვენ.

რამდენად შესაძლებელია კონკრეტული სეგმენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტული საგადასახდო შეღავათების ამოქმედება? - ეს შეკითხვა ეკონომიკურ გუნდს დავუსვით. ფინანსთა სამინისტროსგან მიღებულ პასუხში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კერძო სექტორის მხარდასაჭერად და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, პანდემიით გამოწვეული ზარალის შესწავლის მიზნით თითოეული სექტორების მიხედვით მიმდინარეობს მუშაობა.

შეზღუდვების მოხსნის გეგმის მიხედვით, მესამე ეტაპზე, რომელიც ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს ათვლას, საცალო და საბითუმო მაღაზიები გაიხსნება, საუბარია იმ ობიექტებზე, რომლებსაც ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ. რაც შეეხება სავაჭრო მოლებს, დაანონსებული შერბილების გეგმის მიხედვით, მათ გახსნას მეოთხე ეტაპზე უნდა ველოდოთ, ეს დახლოებით, ივნისის ბოლოა.

 

  

დღის ამბები