29 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
რეგიონებში სტიქიის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან - კახეთში სტიქიის შედეგები დღეს პოლიტიკური ბრალდებების მიზეზიც გახდა

დილიდან წნორის და ანაგის მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. ძლიერმა სეტყვამ ვენახები და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. დაზარალებული ფერმერის თქმით, წელს ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა და ახლა ცდილობს, ვაზი მომავალი წლისთვის გადაარჩინოს.

ვენახების გარდა სტიქიამ ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. წნორში ამბობენ, რომ ადგილზე ზარალის დამთვლელი კომისია ამ დრომდე არ მისულა. მევენახეების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა წნორში სტიქიის დასრულების შემდეგ ამუშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის ზონაში ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მათივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროულმა მოქმედებამ რეგიონი დიდ ზარალს გადაარჩინა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ რეგიონში არ გაამართლა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ დღეს ინფორმაცია კომპანია "დელტამაც" გაავრცელა. უწყების ცნობით, კახეთში სტიქიის დროს 786 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლა.

ზარალს ითვლიან იმერეთშიც. ძლიერმა სეტყვამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საჩხერეს. მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა ნათესები და ვენახის დაახლოებით 30%. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები და დაიტბორა ქუჩები. სტიქიის შედეგად დაზარალებული საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის გუბერნატორმა ადგილზე მოინახულა.

კახეთსა და იმერეთში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა უკვე დაწყებულია. რა ფორმით მოხდება დაზარალებული მევენახეების დახმარება, ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები