29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს - უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნაზე უარი განაცხადა

პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, კანონმდებლები არ შეიკრიბებიან. უმრავლესობამ ოპონენტების მოთხოვნაზე უარი თქვა.

ოპოზიცია დღეს ერთხმად საუბრობდა იმაზე, რომ კრიზისის ფონზე, საგარეო ვალების აღების პირობებში, ხელისუფლება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს და სწორედ ახლა, ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანომ მისი მთავარი ფუნქცია შეასრულოს. განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ამბობს, რომ დღეს პრიორიტეტი არა პოლიტიკური ტრიბუნა, არამედ პანდემიასთან ბრძოლაა.

პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ აპირებს. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ამ გეგმის გადახედვას ითხოვს. "ქართულ ოცნებას" დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. როგორც ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, ახლა, როცა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სოლიდურ თანხას ხარჯავს, საპარლამენტო ზედამხედველობა აუცილებელია.

საპარლამენტო მუშაობის აღდგენას ითხოვენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. მათი თქმით, ახლა საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია და ის, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე დეპუტატი მუშაობს, მათი თქმით, პროცესებში პარლამენტის ჩართულობას არ ნიშნავს.

ეკა ბესელია პარლამენტის მუშაობის აღდგენის გარდა დროებითი კომისიის შექმნას ითხოვს. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას მთავრობის მოქმედებების კონტროლი და განხილვა სწორედ ამ ფორმატში უნდა მოხდეს.

კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობა უარით პასუხობს. საგანგებო რეჟიმის მოხსნამდე საპარლამენტო საქმიანობის განახლების აუცილებლობას "ქართულ ოცნებაში" ვერ ხედავენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და "ქართული ოცნების" დეპუტატებიც ამ ეტაპზე ამ პრობლემებთან ბრძოლით არიან დაკავებული.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მეორე ვადით, 22 მაისამდეა გახანგრძლივებული. შესაბამისად, დეპუტატები მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებენ.

დღის ამბები