29 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"კოვიდპასპორტი" ევროპაში გადაადგილებისთვის - ევროკავშირი ახალ ინიციატივას განიხილავს

მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც ყველაზე ხალხმრავალი ადგილები პანდემიის გამო ტურისტების გარეშეა დარჩენილი. COVID-19-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის მხოლოდ ტურიზმის ნაწილში მიყენებული ზიანი რამდენიმე მილიარდს აჭარბებს. როდემდე იქნება ქვეყნების უმრავლესობა ჩაკეტილი, ზუსტი დრო არავინ იცის. მსჯელობა, რომ ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა სექტორის გადასარჩენად აუცილებელია, უკვე დაწყებულია. ევროპის ქვეყნები ჯერ მხოლოდ ვარაუდობენ, თუ როგორ უნდა იმოგზაურონ მოქალაქეებმა უსაფრთხოდ COVID-19-ის გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა შეძლონ, შესაძლოა სპეციალური ე.წ. კოვიდპასპორტის აღება სავალდებულო გახდეს. ინიციატივა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ეკუთვნის. პროექტზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა. პირველი ქვეყანა, რომელიც მოგზაურობისთვის ე.წ.  კოვიდპასპორტს გამოიყენებს, შესაძლოა ესპანეთი იყოს. უსაფრთხო მოგზაურობის ახალი პროტოკოლის ოფიციალურად დასამტკიცებლად, ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება.

ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღების ინიციატივაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრებმა უკვე იმსჯელეს. ვიდეოკონფერენციაზე მინისტრებს წინადადება ხორვატიის ტურიზმის მინისტრმა წარუდგინა. გარი კაპელის თქმით, დოკუმენტი ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტით მოძრავ ტურისტებზე უნდა გაიცეს, იქნება ეს ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი თუ საზღვაო ხომალდი. ინიციატივას მხარს უჭერენ ჩეხეთი, იტალია და ესპანეთი, რომელთა ეკონომიკებიც დიდწილად სწორედ ტურისტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

რას გადაწყვეტენ ევროკავშირის ქვეყნები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველოზე, როგორც გლობალური სამყაროს ნაწილზე, გავლენა ექნება. ქვეყანაში მოქმედი ტურისტული კომპანიების ნაწილი სწორედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული, ამიტომ ისინი რაციონალურ და უსაფრთხოების წესების დაცვით შემუშავებულ ყველა ინიციატივას მიესალმებიან, რომელიც საბოლოო ჯამში ტურიზმის სექტორს მსოფლიოს მასშტაბით აამუშავებს.

ვიდრე მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კონკრეტული წამლის და ვაქცინის არარსებობის პირობებში იბრძვის, ტურიზმის ასოციაციებში თანხმდებიან, რომ უსაფრთხო მოგზაურობას ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს. ამისთვის როგორც ე.წ. კოვიდპასპორტები, ასევე ნებისმიერი სხვა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული.

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გაუქმებული ტურისტული მარშრუტების გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან. ევროკომისიის ხელმძღვანელი პირები წლიური მოგების 50 პროცენტის დაკარგვაზე უკვე საუბრობენ. იტალიაში ეს მაჩვენებელი 95 პროცენტს შეადგენს, 77 პროცენტიანი ზარალი აქვს ესპანეთს, მსგავსი ვითარებაა ევროპის სამხრეთითაც, სადაც ქვეყნების უმრავლესობა ისეთივე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგა, როგორც 2008 წელს.

შეზღუდვების ნაწილი რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააუქმა, ფრენების აღდგენის სურვილი აქვს ესპანეთს, საფრანგეთს, საჰაერო საზღვრების გახსნას ჩქარობს ხორვატია, ჩეხეთი და საბერძნეთი. ევროპამ პანდემიის გამო საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები ძალაში მაისის შუა რიცხვებამდე რჩება.

 

 

დღის ამბები