29 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
მოვაჭრეების პროტესტი - შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საქართველოში ბაზრების ნაწილი ამ დრომდე დაკეტილია 

გლდანის ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად პროდუქტების ნაწილი ნაგვის ურნაში გადაყარეს. მათი თქმით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის მიუხედავად, ვაჭრობის საშუალებას მერიის ინსპექცია დღემდე არ აძლევთ, რის გამოც ათასობით ლარის პროდუქცია უფუჭდებათ. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ხვალ არ გაიხსნება, მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

აგრარული ბაზარი ორშაბათამდე არც ახალციხეში გაიხსნება. გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბაზრის დირექციამ მიიღეს. ახალციხის სავაჭრო ცენტრი თითქმის ერთი თვეა დახურულია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო ობიექტი 29 მარტს 15 000 ლარით დააჯარიმეს. 

ერთთვიანი პაუზის შემდეგ რუსთავში ღია ტიპის აგრარულმა საბითუმო ბაზარმა დღეს ფუნქციონირება განაახლა. ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ, მოვაჭრეები კი პირბადეებითა და ხელთათმანებით მუშაობენ. ვითარებას ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

ქუთაისში მუშაობის განახლების უფლება დღეს კიდევ ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა. ბაზრებში რეკომენდაციების დაცვას ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს. 

ბაზრები გაიხსნა ფოთსა და ზუგდიდში. ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება სენაკის აგრარული ბაზარი. ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეები ხალხის ნაკლებობაზე, მყიდველების ნაწილი კი გარკვეულ პროდუქტებზე მომატებულ ფასზე საუბრობს.

საქართველოში ჯანდაცვის წესების გათვალისწინებით ამ დროისთვის სულ 27 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, მათ შორის აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთშიც. ბაზრების გახსნა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდება. 

დღის ამბები