29 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
კონცერტი კარანტინში - "შერატონ მეტეხი პალასში" კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის კონცერტი გაიმართა

კონცერტი კარანტინში - თბილისის ყველაზე დიდ საკარანტინო ზონაში მყოფი პირებისთვის დღეს სპეციალური შოუ გაიმართა. მოქალაქეები ღონისძიებას აივნებიდან უყურებდნენ. 

"შერატონ მეტეხი პალასი" ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პანდემიის დროს სურვილი გამოთქვა, რომ იქ საკარანტინო ზონა მოწყობილიყო. სასტუმროში 200 ნომერია და ამჟამად "შერატონ მეტეხი პალასში" 195 ადამიანია განთავსებული.

სასტუმროს დირექტორის განცხადებით, კონცერტის მიზანი იყო ცოტაოდენ მაინც გაეხალისებინათ ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან.

"გახსნის დღიდან "შერატონი" არც ერთხელ არ დახურულა, თუ არ ჩავთვლით სარემონტო სამუშაოების პერიოდს. გვიმუშავია ომის დროსაც და არეულობის პერიოდშიც. ახლა გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო სასტუმრო და კარანტინში მყოფ ადამიანებს მოვმსახურებოდით. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ და შევეცადეთ ცოტა ხნით მაინც კარგი განწყობა შეგვექმნა," - აცხადებს "შერატონ მეტეხი პალასის" დირექტორი ფრედ სმიტი.

კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის დღეს ელენე კალანდაძე მღეროდა.

"სიხარულით მივიღე და დავთანხმდი ამ ინიციატივას. აქ არა აქვს მნიშვნელობა რა სიმღერას შეასრულებ, ან რამდენს შეასრულებ. აქ სულ სხვა რამ არის. ვცდილობთ, ამ ადამიანებს შევახსენოთ, რომ თქვენ გვერდით ვართ," - განაცხადა მომღერალმა ელენე კალანდაძემ.

დღის ამბები