30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ქვეყანაში პენსიის მატების ინდექსაციის გეგმა შემუშავდა - პენსიონერები გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში აღარ იქნებიან

პენსია მალე იხარჯება, საკმარისი არ არის, ფასები კი იზრდება - ასეთ რეპლიკებსა და შეფასებებს ადამიანებისგან, ვისი შემოსავალიც თითქმის მხოლოდ პენსიაა, ხშირად მოისმენთ. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის წევრებმა, პენსიონერებმა, მზარდი ფასების ფონზე თითქმის არასდროს იციან როდის და რამდენით გაიზრდება მათი შემოსავალი, რომელიც უნდა იმყოფინონ საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სხვა საჭიროებებზე.

არის შემთხვევები, როდესაც წინასწარაა ცნობილი ზრდის გრაფიკი, თუმცა რა პრინციპით და რაზე დაყრდნობით ხდება მატება, ამ მიმართულებით პასუხი მხოლოდ ზოგადია - რისი საშუალებაც აქვს ბიუჯეტს.

გაიზრდება თუ არა პენსია? - ეს კითხვა აქტუალური რამდენიმე შემთხვევაში ხდება, მათ შორის, ბიუჯეტის დაგეგმვის დროს და არჩევნების წინ. ხშირად გაურკვეველია ისიც თუ რამდენით და რა პრინციპით მოხდება მატება.

პენსიის ზრდა მოულოდნელი სიურპრიზი აღარ იქნება. პენსიონერები აღარ იქნებიან გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში, ამის პირობას კი ფინანსთა მინისტრი დებს. ივანე მაჭავარიანის განმარტებით, პენსიონერებს ახალი ფორმულის მიხედვით ზუსტად ეცოდინებათ რა პრინციპით გაეზრდებათ ხშირ შემთხვევაში შემოსავლის ერთადერთი წყარო.

ხელისუფლების მიერ შემუშავებულ წესს უნდობლობას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა". მმართველი გუნდის ოპონენტებს არც დაანგარიშების ფორმულა მოსწონთ და არც ხელისუფლების ოპტიმიზმს იზიარებენ.

ხელისუფლებას პენსიების ზრდის წესს უწუნებენ "ევროპულ საქართველოშიც". პარტიაში ამბობენ, რომ მთავრობის შეთავაზება საზოგადოების ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.

ფინანსთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ 20 ლარზე მეტით პენსია არასდროს გაზრდილა. უწყების ხელმძღვანელს ზრდა საკმარისად არ მიაჩნია, თუმცა, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, მთავარი ფორმულაა. ის ამბობს, რომ წესი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პენსიის საკითხს პოლიტიკური კონტექსტისგან ათავისუფლებს და დაანგარიშება ავტომატურ რეჟიმში გადაჰყავს.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანას 2019 წლის მონაცემებით, დაახლოებით, 762 000 ასაკობრივი პენსიონერი ჰყავს. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 220 ლარია. მთავრობა ახალი წესს განსახილველად პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

დღის ამბები