30 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
პოლიკლინიკების ნაწილს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება - რას მოიცავს მთავრობის მე-15 დადგენილება

მთვარობის ნომერ მე-15 დადგენილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 9 იანვრით თარიღდება, პირველი მაისიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებს, რომელთაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ.

პოლიკლინიკა N5 ქუთაისში მდებარეობს. სამედიცინო დაწესებულებას აღრიცხვაზე 11 ათასი ადამიანი ჰყავს. პაციენტებს სთავაზობს როგორც ლაბორატორიულ, ასევე ამბულატორიულ მომსახურებას. ზოგადი პროფილის ექიმების გარდა, ჰყავს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტებიც - სულ 48 სამედიცინო პერსონალი. რენტგენის აპარატიც აქვს, ტომოგრაფიის გადაღებაც შეუძლია და საჭიროების შემთხევაში, პაციენტის სტაციონარში განთავსებაც. პოლიკლინიკის დირექცია დარწმუნებულია, რომ დაწესებულების როგორც ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, ასევე მისი გეოგრაფიული მდებარეობაც საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ პოლიკლინიკას სახელმწიფომ დაფინანსება არ შეუწყვიტოს. დირექტორი არ ფიქრობს, რომ ექიმები უმუშევრად დარჩებიან, თუმცა, დაფინანსების შეწყვეტა, მისი განმარტებით, პოლიკლინიკის გაუქმების ტოლფასია.

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებისგან მეთხუთმეტე დადგენილების შეჩერებას მოითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი პირველად ჯანდაცვას დიდ დარტყმას აყენებს. ოპონენტების მოთხოვნა "კოვიდ 19"-ის კრიზისის პირობებში ექიმების ანაზღაურებასაც ეხება. ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედება სამივე მუნიციპალიტეტში ბევრ პოლიკლინიკასა და ამბულატორიას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. "ევროპული საქართველოსთვის" დადგენილების კიდევ ერთი მოსალოდენელი ნეგატიური შედეგი სამედიცინო პერსონალის ნაწილის უმუშევრად დარჩენაა.

მეთხუთმეტე დადგენილებისთვის ხელისუფლებას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აკრიტიკებენ. ოპონენტები მმართველ გუნდს ჯანდაცვის სისტემაში უხეშად ჩარევაში ადანაშაულებენ და სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებს უწუნებენ.

დადგენილება ძალაში რჩება, თუმცა გარკვეული ცვლილებით. პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში თბილისის მასშტაბით 117, ქუთაისსა და ბათუმში 20 სამედიცინო დაწესებულება დარჩება. სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება 56 პოლიკლინიკას და ამბულატორიას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ამ დაწესებულებებს 90 000 მომხმარებელი ჰყავდათ. საბჭოს გადაწყვეტილებით,      13 000-იანმა ზღვარმა ჩამოიწია. პროგრამაში დარჩნენ ის ობიექტებიც, რომელთაც აღრიცხვაზე 7 000 ბენეფიციარი ჰყავთ. განმსაზღვრელი ფაქტორი მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად გეოგრაფიული მდებარეობაც იყო.

ოპოზიციის წუხილს, რომ ახალი დადგენილება ექიმებისა და ექთნების ნაწილს უმუშევრად დატოვებს, ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს. ეკატერინე ტიკარაძე ამ რისკს გამორიცხავს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მისივე თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 2 283 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებაა. ეს 2018 წლის ინფორმაციაა. შარშანდელი მონაცემები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. რამდენი პოლიკლინიკა და ამბულატორია დაიკეტება, რამდენი გაერთიანდება და რამდენი დარჩება ბაზარზე თვითდაფინანსებით ახალი დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ამას დრო აჩვენებს.

დღის ამბები