30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ცოლზე ძალადობას კორონავირუსს აბრალებს - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას

მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი მოსამართლეს დღეს 30 წუთის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.

ძალოვანი უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და იარაღის გამოყენებით მუქარას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ცინარიძემ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. ამ ბრალდებებით ყოფილ მაღალჩინოსანს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წარდგენილ ბრალს ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა - კონფლიქტის მიზეზად კი COVID-19-ის გამო გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი და იზოლაციაში ყოფნა დაასახელა.

საქმის მასალების მიხედვით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ნასვამმა ბრალდებულმა ცინარიძემ მეუღლეს ცეცხლიც გაუხსნა. ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებიც, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ტყვიის მასრა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. რადიკალურად განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია. დავით ცინარიძის უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დავით ცინარიძე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი სახელი და გვარი საზოგადოებას ცნობილი ვიდეომასალიდან ახსოვს. 2015 წელს გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქე ეკატერინე ყუშიტაშვილი დავით ცინარიძის გავლენის გამოყენებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. ამ სკანდალს მაშინ ცინარიძის თანამდებობა შეეწირა.

საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი ახლა გლდანის მერვე დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდება, რომელსაც მას პროკურატურა ედავება, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

დღის ამბები