30 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
ემუქრება თუ არა საფრთხე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას - ოპოზიცია და "ოცნება" მიღწეული შეთანხმების ინტერპრეტირებაზე ჯერ კიდევ დავობენ

ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვერ მსჯელობს. ჩასატარებელია სახალხო განხილვა, რის შემდეგაც პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. წლის მთავარი კენჭისყრა, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში, რიგგარეშე სესიაზე მოხდება, იქამდე კი პოლიტიკური ძალები რამდენიმე რაუნდიანი შეხვედრების შემდეგ მიღწეულ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ დავობენ.

8 მარტს დიპლომატების შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტი საარჩევნო სისტემის 120/30 სისტემაზე შეთანხმდა, რაზეც შეკითხვები არ არსებობს, თუმცა ოპოზიცია ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელოდება, მმართველი გუნდი კი ისევ განმარტავს, რომ კონკრეტულ პატიმრებზე საუბარი არასოდეს ყოფილა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბურთი ახლა "ქართული ოცნების" მოედანზეა - თუ პირველი მოსმენისთვის ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს, საპატიმროებს არ დატოვებენ, ექნება შესაბამისი რეაგირება. ნიშნავს თუ არა ეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას - ოპოზიცია არ აკონკრეტებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, რომლებმაც უმრავლესობა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო დატოვეს, ამბობენ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა მისცეს შესაძლებლობა სცენარი განმეორდეს და 2020 წლის არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით გაიმართოს. კოლეგებს დამოუკიდებელი დეპუტატები მოუწოდებენ, შეთანხმების ორი ნაწილი ერთმანეთთან არ დააკავშირონ და პასუხი ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის შეცვლასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ინდივიდუალურად მოსთხოვონ.

ამ ეტაპზე, კორონავირუსის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები ვერ ტარდება. ონლაინკომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფთან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა დაიწყოს.

​​

დღის ამბები