30 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ვინ მიიღებს კომპენსაციას სახელმწიფოსგან - აქცენტი სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდება

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს მიზნობრივი სოციალური დახმარების მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა იმ ძირითად ღონისძიებებს მოიცავს, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

ბეჭვაიების 14 სულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი ერთ-ერთია იმ მიზნობრივი ჯგუფიდან, რომელსაც სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ყურადღება სწორედ სოციალურად დაუცველებზე გამახვილდებაბეჭვაიების ოჯახში 11 ბავშვი იზრდება. მშობლები მათ უზრუნველყოფას კორონავირუსამდე სახელმწიფოს დახმარებასთან ერთად საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ, თუმცა ბოლო დროს ამის საშუალება აღარ აქვთ და მთლიანად სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. 14 სულიანი ოჯახის დიასახლისის მთავარი საზრუნავი ახლა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებია, სახელმწიფოსგან დახმარების მიღების შემდეგ კი შეეცდება, ფინანსები სხვა საჭიროებებზეც მოიხმაროს.

ბეჭვაიების მსგავსად, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი. ქეთევან ზაქარეიშვილი 4 შვილის დედაა, აქედან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის არის. ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, დაახლოებით 21 000 ოჯახი,  რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდეა, ჰყავს სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის ბავშვი, მიიღებს 100 ლარიან დახმარებას. 100 ლარის ოდენობით კომპენსაციას კი იმ პირებსა და ბავშვებზე გასცემენ, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.

70 000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიზნობრივ ფულად დახმარებას ოჯახის წევრების სულადობის მიხედვით მიიღებს. მაგალითად, 1 სულიანი ოჯახი დახმარების სახით 70 ლარს, 2-სულიანი 90-ს, 10-წევრიანი 350-ს, ხოლო 15-წევრიანი კი 525 ლარს მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებული მოქალაქეები, თუმცა გამოყოფილია 2 კატეგორია - ერთი, ვინც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში - ისინი კომპენსაციის მიღების თაობაზე შეტყობინებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მიიღებენ. იმ პირებს კი, რომლებიც არ არიან საერთო ბაზაში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე ელექტრონული ფორმის შევსება მოუწევთ. განაცხადს დასაქმების სააგენტო განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია მიიღებს. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით მოქალაქეების დახმარებას ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში ვარაუდობს. მინისტრი ამბობს, რომ მათი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების მიზნობრივი დახმარება დროული იყოს და არავის დარჩეს უსამართლობის განცდა.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და პანდემიასთან ბრძოლისთვის 350 მილიონი ლარია გამოყოფილი, მოქალაქეთა სოციალურ მხადაჭერაზე კი მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

დღის ამბები