30 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
პანდემიის შედეგად სასურსათო კრიზისამდე მისული ქვეყნები - სახელმწიფოებს ეპიდაფეთქების მიზეზების დადგენა სურთ

მსოფლიო მასშტაბით ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 3 150 000-ს გადააჭარბა.

ამასთან, "კოვიდ 19"-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 976,071-მა ადამიანმა შეძლო.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსს უკვე 219,467-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.

ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, ინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.

კომპანია "გილიადის" განცხადებით, პრეპარატმა "რემდესივირმა" COVID-19-ის წინააღმდეგ დადებითი შედეგები აჩვენა. სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტებმა რომლებმაც "რემდესივირი" მიიღეს უფრო მალე გამოჯანმრთელდნენ. ახალი კვლევებისთვის ორგანიზაცია მედიკამენტის დამატებით 800 პაციენტზე გამოცდას მოითხოვს. შეერთებული შტატების ვირუსებისა და ინფექციების ინსტიტუტი აცხადებს, რომ პრეპარატს სამკურნალოდ გამოყენებისთვის საჭირო ცდები ჯერ კიდევ არ გაუვლია. 

COVID-19-მაშესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას იმ ქვეყნებს, რომლებიც პანდემიამდეც განიცდიდნენ სასურსათო კრიზისს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გაეროს ინიციატივას მხარი დაუჭიროს. საუბარია ქვეყნებზე, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ დახმარება განსაკუთრებით ესაჭიროება. საერთაშორისო დახმარების პროგრამაში მონაწილეობისკენ და საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

გაეროს მსგავსად, ეპიდაფეთქების მიზეზების დადგენა სულ უფრო მეტ სახელმწიფოს სურს. შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების პარალელურად, COVID-19-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა ავსტრალიამაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, თუ როგორ გაჩნდა კორონავირუსის პანდემია.

მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში, რომელსაც ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 100 000-ს აღწევს, დღეს რეკორდული გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, 108 გარდაცვლილი რუსეთს აქამდე არ ჰყოლია. თურქეთში კი კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში - 92 ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში არდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად აღავლენდა.

პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მსოფლიო სპორტს. კორონავირუსის გამო, შესაძლოა ოლიმპიური თამაშები კვლავ გადაიდოს.

თუ პანდემია არ დასრულდა, ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიადა სრულყოფილი ფორმით უნდა ჩატარდეს და თუ ჩატარდება ე.ი კაცობრიობამ პანდემია დაამარცხა.

მსოფლიო მასშტაბით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამი მილიონ 150 000-ს გადააჭარბა. ამასთან, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება დღემდე 976,071-მა ადამიანმა შეძლო.

დღის ამბები