30 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
მარნეულში აგრარული ბაზარი გაიხსნა

მარნეულში აგრარული ბაზარი გაიხსნა. დღის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის აგრარულ ბაზარში სამუშაო პროცესს გაეცნენ. მუნიციპალიტეტის მერიაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მარნეულის მერის თქმით, აგრარული ბაზარი ყველა რეკომენდაციისა და წესების დაცვით გაიხსნა.

"ყველა რეკომენდაციის დაცვით გავხსენით ღია აგრარული ბაზარი და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ადგილობრივი მარნეულის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ არ შეიქმნას არანაირი სირთულე," - განაცხადა ზაურ დარგალმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად მოინახულა მარნეულში ცივი შენახვის სასაწყობე მაცივრები.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 1,000 ტონა ბოსტნეულია გატანილი.

"დღეის მდგომარეობით დაახლოებით 1,000 ტონა ბოსტნეულია გატანილი. მათ შორის, კიტრი არის დაახლოებით 60-65%. გუშინ გავიდა 178 მანქანა. უფრო მეტი დივერსიფიკაცია მოხდება, უფრო მეტი დისტრიბუტორი ჩამოვა. ჩამოდიან აჭარიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან.

ჩვენ ვაკეთებთ ერთიანი ფანჯრის პრინციპს და სახელმწიფოს მოვალეობა რაც არის ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მობილურად გაკეთებული,"- აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

დღის ამბები