30 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი და ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების გეგმა განიხილა 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა განიხილეს და ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. უწყებების ინფორმაციით, საწარმოების აქტიური ინსპექტირება გრძელდება. ათობით საწარმო, რომელმაც წესები დააკმაყოფილა, ფუნქციონირებას განაგრძობს. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად გადამოწმდებიან. იმ საწარმოებს კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, დამატებითი დრო მიეცათ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს. ფინანსთა სამინისტროს შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრის განმარტებით, სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გამთენიისას, საქართველოში ჩინეთიდან ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 ათასი PCR ტესტი, 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები, ხალათები, ბახილები, თერმომეტრები, დამცავი სათვალეები და სხვა სამედიცინო ნივთები.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8,372 მოქალაქე, ხოლო 16,302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები დადგენილი განრიგით განხორციელება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დღის ამბები