გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 202 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირების 1,304 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წინა დღესთან შედარებით, გერმანიაში მცირედით გაზრდილია როგორც კორონავირუსის მსხვერპლთა, ასევე ინფიცირებულების რაოდენობა. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 157,641 შემთხვევაა დადასტურებული, 6,115 გარდაიცვალა.
ესპანეთი კი, რომელიც ერთი კვირის წინ წითელ ზონაში იყო, მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს ოთხფაზიანი გეგმის გავლის შედეგად დაუბრუნდება.
მთავრობის გეგმის მიხედვით, მცირე ბიზნესები და სასტუმროები 11 მაისიდან გაიხსნება, თუმცა სოციალური დისტანცირება ძალაში დარჩება.
სკოლების უმრავლესობა სექტემბრამდე დახურული იქნება. შეზღუდული სახით აღდგება რელიგიური მსახურება 11 მაისიდან, თუმცა რელიგიური დაწესებულების შენობის მხოლოდ 1/3-ის დაკავება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება საფრანგეთს, აქ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.