30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
კორონავირუსის გამო ამომრჩევლებთან შეხვედრების ფორმა შეიცვლება - ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების თარიღი არ გადაიწევს

შეიცვლება თუ არა არჩევნების თარიღი კორონავირუსის პანდემიის გამო -  ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების თარიღის შეცვლის საჭიროება არ არსებობს. 

"თეორიულად, არჩევნების გადადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა სექტემბერს იქით, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, გლობალურადაც მეეჭვება ამდენ ხანს გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, არჩევნების თარიღი რისკის ქვეშ არ დგას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, მან იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის კრიზისი ზაფხულში  დაიძლევა და ხელისუფლებას და ოპოზიციას ექნება სრული 2 თვე საარჩევნო კამპანიისთვის.

კობახიძის თქმით კორონავირუსი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე, არამედ საარჩევნო პროგრამებზეც, რადგან მასში უნდა იყოს გათვალისწინებული ამ კრიზისის დაძლევის გზები. კობახიძე ვარაუდობს, რომ სწორედ კორონავირუსის გამო მასობრივი შეკრებები აღარ გაიმართება:

"სავარაუდოდ, კორექტირების შეტანა მოგვიწევს, შეიძლება, უარი ვთქვათ მასობრივ შეკრებებზე, შეიძლება, კომუნიკაციის დროს გარკვეული დამცავი საშუალებების გამოყენება მოგვიწიოს,"- აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები