30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
მე არ ვიცი პრივილეგირების შემთხვევები, თუ დაირღვა კანონი საჭიროა სანქციები - ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძეზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა  ირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ სასაჩუქრე საათების შესყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას - "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა. 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ თემაზე გამოთქმული მოსაზრების გამო, ენმ-ის ლიდერი ნიკა მელიაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კორუფციის გამო მსჯავრდებული პირისგან კრიტიკა, მიუღებელია

"რაც შეეხება საათებს, მე დეტალებზე არ მაქვს ინფორმაცია. პირველად მესმის ამის თაობაზე. ბუნებრივია სასაჩუქრე საათები, რომლებიც არის განკუთვნილი ჯარისკაცებისთვის, ეს არაა ფუფუნების საგანი, ეს არის ერთგვარი ჯილდო, რომელიც გაიცემა და არის ჩვეულებრივი მოვლენა. როდის გაკეთდა ეს და რა ფორმით, დეტალები არ ვიცი და კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ბუნებრივია ეს არ არის ისეთი რამ, სადაც ჩვენ შეიძლება  კორუფციის და ამდაგვარი რამის ნიშნები ვიხილოთ.  როდესაც კორიუფციაში მკაფიოდ ბრალდებული და მსჯავრდებული პირი აკეთებს კორუფციაზე განცხადებას, ესეც არის მიუღებელი," - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ შესწავლილი უნდა იქნეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში აკრძალული საავტომობილო მოძრაობის დროს, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ავტომობილით გადაადგილების საკითხი:

"აქ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, თუ იყო შესაბამისი ნებართვა გაცემული უნდა დადგინდეს რა იყო ამის საფუძველი. თუ არ იყო საფუძველი, ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ხელისუფლების საქმე და ჩვენც შეგვიძლია ამით დავინტერესდეთ და თუ არ იყო გაცემული ნებართვა და ისე გადაადგილდებოდა პირი, ისეთივე სანქცია უნდა გამოიწეროს, როგორც გამოიწერება ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში. მე არ ვიცი პრივილეგირების შემთხვევები, თუ დაირღვა კანონი, საჭიროა სანქციები,"- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ საგანგებო ვითარების პირობებში  ზოგიერთ საზოგადოებრივ ჯგუფთან კანონის აღსრულების პრობლემა დადგა.  მისი თქმით, ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილებები  მიიღო, რამაც შედეგები მოიტანა.

 

 

 

დღის ამბები