30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ზელენსკის სჭირდება ნათელი გამოსავალი უმძიმესი მდგომარეობიდან, რისთვისაც უხმო სააკაშვილს თავის გუნდში - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უკრაინაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ნიკა მელიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა თავად შესთავაზა თანამდებობა მიხეილ სააკაშვილს, რადგან კორუფციასთან ბრძოლისთვისა და რეფორმების გასატარებლად "ნათელ გამოსავლად" მასთან თანამშრომლობა მიიჩნია. 

ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ "რადაში" არსებობენ დაჯგუფებები, რომელთაც ოლიგარქიული ინტერესები აქვთ და რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგებიან.

"ამ ხელისუფლებისთვის ოთარ ფარცხალაძე არის ფრთიანი ანგელოზი, რომელიც დედამიწაზე ფეხს არ ადგამს, დანავარდობს სადღაც ზეცაში და ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი. მე პრეტენზიას მოვისმენ, მივიღებ, შეიძლება გავითვალისწინო ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ როდესაც თავიდან ბოლომდე ყრუ კედელი, მიკერძოებული, არასამართლიანი, ყალბი ხმა მესმის ხელისუფლებისგან 24 საათის განმავლობაში, რა პასუხი უნდა გავცეთ?! მიხეილ სააკაშვილმა მიიღო შემოთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან. რომ არა საჭიროება, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებისა, მიხეილ სააკაშვილი ამ შემოთავაზებას არ მიიღებდა. მან მიიღო, მან ხომ არ შესთავაზა საკუთარი თავი?! ზელენსკის შუამდგომლობა შევიდა უკრაინულ "რადაში." რა ფორმას გამონახავს ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან სათანამშრომლოდ, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ბუნებრივია, იქ არის უამრავი ოლიგარქიული ინტერესი, მათ შორის, უკრაინულ რადაში უკრაინელი არ არსებობს, ვინც არ დაგიდასტურებთ, რომ უკრაინულ სახელმწიფოს ჭამს კორუფცია. ეს დაინახა ზელენსკიმ და სჭირდება ნათელი გამოსავალი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და ამიტომაც უხმო საკუთარ გუნდში. 
არ ვმალავ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ინტერესკონფლიქტები. დაჯგუფებებია, რომელთან არ სურთ უკრაინის სახელმწიფოს წარმატება, რეფორმების გატარება, და ა.შ. იმათ რომ ზელენსკის ინიციატივა არ მოეწონებოდა, ორჯერ ორი ოთხია,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები