30 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ირაკლი ბერაია - პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დღეს ონლაინშეხვედრები გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებში პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე და მის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე, რასაც, ირაკლი ბერაიას თქმით, ევროპელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს, როგოც დროულ, კოორდინირებულ, ქმედით და შედეგიან ნაბიჯებს.

"გერმანია და საფრანგეთი არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები სხვადასხვა სფეროებში და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც არიან იმ ერთობლივი წერილის ხელმომწერები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა გამოუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალს, რომელშიც საუბარია ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის ზომებზე“ - აღნიშნა ბერაიამ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური მასშტაბის გამოწვევის პირობებშიც აგრძელებს.

ირაკლი ბერაიამ ელჩებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ კუთხით მკაფიოა, ოკუპანტ სახელმწიფოზე უნდა გაიზარდოს ზეწოლა ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

ელჩებთან საუბრისას განიხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მასშტაბის მოვლენები, მათ შორის ნატო-ს 2 აპრილის მინისტერიალი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა და სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ; ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტი საქართველოში და ერთობლივი წვრთნები, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში “კონფლიქტი საქართველოში”, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ინიციატივით გამართული მსჯელობა უკანონო ბორდერიზაციის შესახებ დაა სხვა საკითხები.

„ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად გლობალური მასშტაბის გამოწვევისა, საქართველოს საკითხი აქტუალურია და მაღალ დონეზე დგას ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მალე დავძლევთ გლობალურ პანდემიას და ჩვენი ქვეყნები და მოქალაქეები დაუბრუნდებიან ცხოვრების და საქმიანობის ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები