30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ბულგარეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 40 კგ-მდე ჰეროინს ინახავდნენ, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისათვის დაკავებულ ბრალდებულებს, ბულგარეთის მოქალაქეებს ვ.ც-ს და დ.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინეს და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ქვეყნებში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანეს და ინახავდნენ 40 კილოგრამამდე (38.147 კგ) ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. აღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები