30 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო - საგანგებო რეჟიმიდან გამოსვლის მომდევნო ეტაპს COVID ინფექციის კლება განსაზღვრავს

თბილისის ბოტანიკურ ბაღში იასამნის ყვავილობა ვიზიტორების გარეშე ჩაივლის. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და სხვა სარეკრეაციო ზონებში სტუმრობა დამთვალიერებლებს ორ კვირაში, ყვავილობის დასრულების შემდეგ შეეძლებათ. სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 დღეში შეზღუდვები მშენებლობებსა და სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებითაც მოიხსნება, გაიხსნება ავტოსამრეცხაოები და დაიწყება ავტოსერვისების მუშაობა. მოქალაქეებს კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტის შესაძლებლობაც ექნებათ. კორონავირუსის გამო, ბიზნესი ზარალს ამ დრომდე ითვლის, დიდი სამზადისია მათთან, ვინც შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპს ელის.

თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ პრობლემები არ შექმნა, შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი 25 მაისიდან დაიწყება. ახალი ტალღა იმ საცალო და საბითუმო მაღაზიების გახსნასაც გულისხმობს, რომელსაც ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. არ გაიხსნება სავაჭრო მოლები. მუშაობას განაახლებს ყველა ტიპის ღია ბაზრობა, წარმოება და საგამომცემლო დაწესებულება. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარების გამო მიყენებულ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ სულაკაურის გამომცემლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები დახურული იყო და ონლაინ მხოლოდ მცირე დროის განმავლობაში იმუშავეს გამომცემლობამ თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველყოფა მაინც შეძლო. ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნების გამომცემელი მესამე ეტაპის მოლოდინშია. 

თუ ბიზნესი ყველა რეკომენდაციას შესრულებს და მოქალაქეები საგანგებო მდგომარების პარალელურად შეზღუდვების მოხსნას პასუხიმგებლობით მოეკიდებიან, ყველა ტალღა თანმიმდევრულად და ორკვირიანი შუალედით განხორციელდება. მეოთხე ეტაპი 8 ივნისიდან დაწყება, რა დროსაც ქვეყანაში გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები. აღდგება საფინანსო მომსახურება, მუშაობას დაიწყებენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ივნისის ბოლომდე კი მეოთხე ეტაპი განხორციელდება, რაც დახურული ბაზრებისა და ბაზრობების გახსნას გულისხმობს. ასობით ბიზნეს კომპანია კორონავირუსის გამო, იძულებული გახდა დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო, ან თანამშრომლების დიდი ნაწილი უხელფასოდ დაეტოვებინა. კერძო სექტორი იმედს იტოვებს, რომ ზარალის ანაზღაურებას მუშაობის განახლებასთან ერთად შეძლებს.

"ოკტოპუს" ფიტნეს კლუბი უკვე ორი თვეა დახურულია და დარბაზი ცარიელია. თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი უხელფასო შვებულებაშია. ახლა კომპანია მეექვსე ტალღის მოლოდინშია, რომლიც სავარაუდოდ 6 ივლისიდან დაიწყება. პარალელურად შეზღუდვები გასართობ და აზარტულ კომპანიებს უნდა მოეხსნას. ზაფხულის შუაგულს მუშაობა სასტუმროებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა განაახლონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად, ორკვირიანი შუალედით მოიხსნება. 

დღის ამბები