30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
აქცია მარნეულის მერიასთან - მოსახლეობა პროდუქტებით დახმარებასა და წალკაში საძოვრებზე  გადაადგილების ნებართვას მოითხოვს

საპროტესტო აქცია მარნეულის რაიონის მერიასთან - მოსახლეობის ნაწილი პროდუქტებით დახმარებას, ნაწილი კი წალკაში, საძოვრებზე წასვლას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად იქ ადგილობრივებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან პროდუქტებისა და სხვა სახის დახმარებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი კი ამბობდა, რომ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულმა ვითარებამ პრობლემები შეუქმნათ და აუცილებელი იყო მათი წალკაში საქონლის საძოვარზე გადაადგილება.

წალკაში წასვლის მსურველებს საქონლის საძოვარზე გადაყვანის უფლება აქვთ, თუმცა ამის შემდეგ, სოფელში დასაბრუნებლად, მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

აქციის მონაწილეებს მარნეულის მერი და ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდნენ. ისინი აქციის მონაწილეების პრობლემებს გაეცნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, გაგრძელდება პროდუქტების დარიგება სოციალურად დაუცველებისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ზაურ დარგალის თქმით, ამ დროისთვის დახმარება რამდენიმე ათას მოქალაქეს გაეწია, ასევე სხვა მოქალაქეების დახმარებაც იგეგმება.

"ზოგიერთი მოქალაქეები მოვიდნენ და ითხოვენ სოციალურ დახმარებას. თქვენ იცით, რომ ჩვენ 8 000-მდე მოქალაქეს უკვე დავეხმარეთ პროდუქტებით. ასევე 2 145-მა ბავშვმა მიიღო პროდუქტები მერიის მხრიდან. იცით, რომ განსაკუთრებული მიმართულებები გვაქვს, ვისაც ვეხმარებით, თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათაც ეკუთვნით ეს დახმარება, რაზეც ჩვენ მზად ვართ. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა ვიყოთ ყველა მოქალაქესთან და ეს ასე იქნება," - განაცხადა ზაურ დარგალმა.

დღის ამბები