ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრს, გასული 24 საათის განმავლობაში 6-მა პაციენტმა მიმართა. პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საცხოვრებელი ბინებიდან შეიყვანეს.
კლინიკის ხელმძღვანელის, მამუკა მიქაძის თქმით, 6-ივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. აქედან, სამი პაციენტის კვლევის შედეგი ცნობილია. მათ COVID-19 არ დაუდასტურდათ. კლინიკაში ამ დროისათვის დარჩენილი 3 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ბომონდში" არსებული ცხელების ცენტრი შესაბამისი სიმპტომის მქონე პაციენტებს დაახლოებით 10 დღეა ემსახურება. ცხელების ცენტრისთვის იზოლირებული კორპუსი განთავისუფლდა, ხოლო მედიკოსებმა, რომლებიც მხოლოდ ცენტრს ემსახურებიან, სპეციალური გადამზადება და ტრენინგ-კურსები გაიარეს.
10 დღის განმავლობაში კვლევაზე 61 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა. აქედან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.