ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს. ქვეყნის პრემიერის, ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრძოლა მოგებულია. ბოლო დღეების მანძილზე ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ქვეყანაში დღეიდან ზომები შემსუბუქდა. მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებენ, სახლში დარჩნენ და საჭიროების გარეშე არ გავიდნენ გარეთ. სკოლები დახურულია, თუმცა, რამდენიმე კვირაში გაიხსნება. ასევე, მუშაობას დაიწყებენ ბიზნეს ობიექტები, თუმცა, სამუშაოს მხოლოდ ის კატეგორია განაახლებს, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრა ნაკლები იქნება. მთლიანობაში, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩინეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღეების მსგავსად კორონავირუსისგან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, სამივე მათგანი იმპორტირებულია.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში, 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში ვირუსით 82 830 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4 633 გარდაიცვალა.