30 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
"ეს იყო მხოლოდ ჩემი სურვილი" - მარინა ეზუგბაია საკუთარ განცხადებას განმარტავს, რომელსაც ხმაური მოჰყვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ორი დღის წინ აგრესიულ ტესტირებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა - მარინა ეზუგბაიამ შაბათს აღნიშნა, რომ 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და დღე-ღამის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ აგრესიული კვლევის შედეგი იყო. ეზუგბაიამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდებოდა კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნებოდა.

მის განცხადებას მედიაში, პოლიტიკოსების ნაწილსა და საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მარინა ეზუგბაიას განცხადება ტესტებისადმი მთავრობის სკეპტიკურ დამოკიდებულებას უსვამდა ხაზს.

თავად მარინა ეზუგბაია კი ამბობს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და საქართველოში დღეს არსებული სტატისტიკა ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს. 

"მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი სურვილი. რატომ გებულობს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი. მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი. მაგრამ მე განმარტებას გავაკეთებ, რომ პირველი შემთხვევა, რასაც ჰქვია იმპორტირებული, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველ თებერვალს მოვიდნენ. პირველი თებერვლიდან ჩვენ ყველანი ერთად ვართ. პირველი  თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ. მთავრობა, ჯანდაცვის უწყება შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჩვენი ცენტრი მუშაობდა როგორც ერთი ორგანიზმი და პირველი ეტაპი, რასაც შეკავების პერიოდი ერქვა, არაჩვეულებრივად, შესაშური შედეგებით დასრულდა.

რატომღაც, ეჭვები ჩნდება, რომ თითქოს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია, მაგრამ ეს ასე არ არის. გაყალბება ვერაფრით შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია კოვიდდაავადებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება და მათთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას შეფასებით, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო, სახელმწიფომ სწორი და ადეკვატური ნაბიჯები გადადგა.

დღის ამბები