იემენში მოქმედმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ქვეყნის სამხრეთით თვითმმართველობა გამოაცხადა. "სამხრეთის გარდამავალმა საბჭომ" იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია და ქალაქ ადენში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. "სამხრეთის გარდამავალ საბჭოს" მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს.
საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის მთავრობა კი სეპარატისტების ნაბიჯებს გმობს და აცხადებს, რომ ამან შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. დაპირისპირებულმა მხარეებმა ხელისუფლების გადანაწილების შესახებ შეთანხმებას ხელი გასულ წელს მოაწერეს. შეთანხმება გაერომ იემენის სამოქალაქო ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.