30 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი - ბათუმში საერთაშორისო მნიშვნელობის დანაშაულზე ბულგარეთის ორი მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. აკრძალული ნივთიერების საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარზე მეტია.

სპეცოპერაცია მახინჯაურში ჩატარდა. სპეცდანიშნულების რაზმი იმ საცხოვრებელ კორპუსთან, რომელსაც სავარაუდო დამნაშავეები თავს აფარებდნენ, დილის 12 საათიდან მობილიზდნენ.

როგორც ირკვევა, აშშ-სა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების სპეცოპერაცია ორი თვის განმავლობაში იგეგმებოდა და დღეს წარმატებით დასრულდა.

დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე. შსს-ს განცხადებით, სპეცოპერაციას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე აღნიშნავს, ბულგარეთის მოქალაქეები ნარკოტიკის გადატანას ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გეგმავდნენ.

"40 კგ-მდე ჰეროინია ამოღებული, მისი ღირებულება 2 მილიონ დოლარს აჭარბებს შავ ბაზარზე. მსუბუქი ავტომობილის სპეციალურ სამალავში იყო ეს ნარკოტიკი მოთავსებული, ასე გადმოიტანეს და შემოიტანეს ბათუმში, ისინი აორგანიზებდნენ ნარკოტიკის ცენტრალურ ევროპაში გადატანს,"- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისის ატაშეს მოადგილე მაიკ სუტროვი აცხადებს, რომ დაკავება ქართულ-ამერიკული მხარის კოორდინებული მუშაობის დამსახურებაა.

"დღეს ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ ამოვიღეთ 40 კგ ნარკოტიკი. დაკავება ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კოორდინებული მუშაობის შედეგია," - განაცხადა მაიკ სუტროვმა.

დღის ამბები