30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მსოფლიოში საკარანტინო რეჟიმმა პროტესტი გამოიწვია - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვები მცირდება

მსოფლიო ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე - რომის პაპი მსახურებას მარტო პირველად არ ატარებს - მრევლის გარეშე ჩავლილი მორიგი მესა პაპმა ფრანცისკემ მთელ მსოფლიოში მყოფ იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვისი გულებიც მწუხარებით აივსო. მსოფლიო პანდემიის გამო პაპი ვატიკანში ახლა კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს, სადაც ვირუსმა ასევე შეაღწია და 9 ადამიანი დააინფიცირა.

ვირუსს ებრძვის ყველა - კათოლიკეც და მუსლიმანიც. მექა და მედინა პილიგრიმების გარეშე დარჩა, სამლოცველო ცარიელია. პანდემიის გამო 1.9 მილიარდი მუსლიმი რელიგიურ დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავს. რამადანთან დაკავშირებით ნიუ-იორკში მუსლიმური საქველმოქმედო ორგანიზაცია უსახლკაროებს საკვებით გაუმასპინძლდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი ორშაბათიდან სამსახურში ბრუნდება. პანდემიასთან ერთად მას კრიმინალთან ბრძოლაც მოუწევს, რადგან ქვეყანაში კონტრაბანდამ იმატა, კოკაინს მესაზღვრეები სამედიცინო პირბადეების შეფუთვებში პოულობენ.

სამთავრობო გუნდი ხელმძღვანელთან ერთად მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებს. ქვეყანას ამ ეტაპზე 20, 319 გარდაცვლილი ჰყავს.

მსოფლიოში საკარანტინო რეჟიმმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. "დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება" ამ ლოზუნგით ათასობით გერმანელი ბერლინსა და შტუდგარდში გაერთიანდა, მაშინ როდესაც შეზღუდვა 20 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. ამიტომ იყო დაკავებები.

ევროპის გარდა საკარანტინო სანქციებს აპროტესტებენ ისრაელშიც, თუმცა აქ პრეტენზიები არა იმდენად შეზღუდვებზე, რამდენადაც ქვეყნის პრემიერის წინააღმდეგ აქვთ. ნეთანიაჰუს პანდემიის დროს ავტორიტარულ გამოვლინებებში ადანაშაულებენ, რაც დემოკრატიას ემუქრება.

ევროპაში ინფიცირების საგანგაშო ციფრებმა იკლო, თუმცა მდგომარეობა მაინც საყურადღებოდ რჩება.

იტალია, რომელიც კონტინენტზე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და ბოლო მონაცემებით 26,384 ადამიანი დაკარგა - სექტემბრიდან სკოლებს გახსნის. კონტე საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ზომებს ამსუბუქებენ საფრანგეთსა და ესპანეთში.

მონაცემები იმატებს საქართველოს სამეზობლოშიც. რუსეთში მხოლოდ დღეს, 6,361 ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირეს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

თურქეთში კი მონაცემებმა იკლო, მიუხედავად ამისა ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 2,800-ს გადააჭარბა.

სიახლეებია კიევ-პეჩერის ლავრაშიც - აღმოჩნდა, რომ მონასტრის სრული პერსონალი ინფიცირებულია, დაახლოებით 200 ადამიანი.

მათ შორის ბერები, სასულიერო პირები, გიმნაზიის სტუდენტები თუ ლავრაში დასაქმებულები. კიევის მონასტერში კარანტინი ჯერ კიდევ 3 კვირის წინ გამოცხადდა, როდესაც პირველი ინფიცირებულების შესახებ გახდა ცნობილი. უკვე დღეს იტყობინებიან, რომ მათგან 3 ადამიანი კორონავირუსს ემსხვერპლა.

დღის ამბები