30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
უკრაინაში სააკაშვილის გავიცეპრემიერების ბედი ხუთშაბათს გადაწყდება - რა რეაქცია ექნება სტრატეგიული პარტნიორის ქმედებაზე ოფიციალურ თბილისს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ახალი პოლიტიკური ოდისეა ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე უკვე ყველა საუბრობს. მათ შორის, მმართველი პარტია სახელად "ხალხის მსახური."

საქართველოს მმართველმა პარტიამ კი, ეს პერსპექტივა სახიფათოდ მიიჩნია, რადგან ოფიციალურ თბილისს რთულად წარმოუდგენია სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობილი ექს-პრეზიდენტის სტრატეგიული პარტნიორის ხელისუფლებაში ხილვა. სწორედ ამიტომ, არჩილ თალაკვაძემ დაფიქრებისკენ უკრაინელ კოლეგასაც წერილობით მოუწოდა.

თბილისის გზავნილებს უმაღლესი რადას მმართველი პარტიის თავმჯდომარე მალევე გამოეხმაურა. ​ზელენსკი ჯერ დუმს, თუმცა სააკაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზება სწორედ მისგან მიიღო. უკრაინის პრეზიდენტი მის მიმართ სიმპათიებს აქამდეც არ მალავდა. გახდის თუ არა ზელენსკი რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად მას, ვისაც წინამორბედის მიერ ჩამორთმეული პასპორტი თავად დაუბრუნა - ეს მისმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. აქ კი, სააკაშვილს ხმები ჯერ აკლია, ამიტომ მოლაპარაკებები სხვა ფრაქციებთან მიდის.

ვიდრე უკრაინელი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათი ქართველი კოლეგები თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებენ და მთავრობას ზედმეტ სიხისტეში სდებენ ბრალს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები იქ საქართველოს დაბალ ავტორიტეტზე მიუთითებს, რადგან გამოდის, რომ სტრატეგიული პარტნიორი თბილისს ანგარიშს არ უწევს. აქ კი, მიზეზად დიპლომატიურ ასპარეზზე ხელისუფლების არაეფექტურ ნაბიჯებს ასახელებს.

მმართველ პარტიაში დღეს ოფიციალური პოზიცია ისევ გააჟღერეს და იმედი გამოითქვა, რომ ქვეყნების საერთო გამოწვევებსა და მიზნებს ჩრდილი არ მიადგება და უკრაინას ამ მხრივ კეთილგონიერება ეყოფა.

"ოცნების"დეპუტატები უკრაინელ კოლეგებს სააკაშვილის ქართულ ბიოგრაფიას ახსენებენ, მათ შორის იყო ვალერი გელაშვილიც, რომელმაც რადაში გაგზავნილ წერილში დღეს ექს-პრეზიდენტის ის განაჩენი გაიხსენა, რომელიც მას და მის ოჯახს ეხებოდა. დეპუტატმა წერილს ამ საქმიდან საკუთარი ფოტოებიც დაურთო.

ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა, ზოგისთვის თბილისის რეაქცია მოვლენებზე ლოგიკური და შესაფერისია, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მას უადგილოდ მიიჩნევს, რადგან თვლიან, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და ორმხრივი ურთიერთობები ამგვარი გზავნილებით არ დააზიანოს. რაც მთავარია, კარგად განსაზღვროს პარტიული და სახელმწიფო ინტერესები.

გახდება თუ არა სააკაშვილის ქართული წარსული მისი უკრაინული მომავლისთვის საფრთხე, ეს ხუთშაბათს გამოჩნდება, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრემიერობის კანდიდატზე რადაში უნდა იმსჯელონ.

მანამდე კი, ქართველმა პრემიერმა სააკაშვილის გავიცეპრემიერების შემთხვევაში, კიევიდან ელჩის გამოწვევა არ გამორიცხა- სულ მცირე, საკონსულტაციოდ.

დღის ამბები