30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ხელისუფლების ანტიკრიზისული სტრატეგია - ოპოზიცია მმართველ გუნდს პანდემიის საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

ხელისუფლების ანტიკრიზისულ სტრატეგიას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპონენტები ხელისუფლებას პანდემიის საარჩევნოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების გარეშე, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დარჩება. გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის გაუგებარია, დასაქმებულთათვის 200-ლარიანი დახმარების ექვს თვეზე გადანაწილების მოტივიც.

თვითდასაქმებულების რიცხვის დადგენის ობიექტური მთვლელის არარსებობაზე საუბრობს ხელისუფლება. პრემიერის მრჩეველმა დღეს "კურიერთან" განმარტა, რომ მთავრობას აქვს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ყველა მიკრომეწარმე იქნება იდენტიფიცირებული. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სტრატეგიის კომპონენტების გადახედვა და დაზუსტება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

სტრატეგიის სოციალური მიმართულება კრიტიკის საფუძველი გახდა ეკონომიკის სფეროში მომუშავე ექსპერტთა ნაწილისთვის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქის სოლიდური დახმარებისთვის რესურსი არ ჰყოფნის, უმჯობესი იქნება შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქოს. გარდა ამისა, აირჩიოს ერთჯერადი დახმარების ის მოდელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება შემწეობა ვინმემ დაუმსახურებლად მიიღოს, თუმცა არც ერთი მოწყვლადი ჯგუფი დახმარების გარეშე არ დარჩეს.

ანალიტიკოსების ნაწილი, ხელისუფლებას საბანკო ვალდებულებების გადავადების გახანგრძლივებაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს. თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ანტიკრიზისული გეგმის პირველადი ვერსია მეტწილად დამაკმაყოფილებელია. თუმცა მნიშვნელოვანია მთავრობამ საბანკო სექტორის სტიმულირებისთვის დამატებითი ნაბიჯებიც გადადგას.

საბანკო სექტორის სტიმულირება და ქვეყანაში ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება პრიორიტეტულად მიაჩნიათ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანტიკრიზისული სტრატეგიის მიხედვით, ბანკებისთვის გამოყოფილ 600 მილიონ ლარს, ამის დასტურად მიიჩნევს.

დღის ამბები