30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში - ვირუსი ყოველდღიურობის რადიკალურ ტრანსფორმაციას მოახდენს

სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო კორონავირუსამდე. COVID-19 ჩვენი ყოველდღიურობის რადიკალურ ტრანსფორმაციას მოახდენს. რასაც დღეს რეკომენდაციების და მუდმივი შეხსენების გამო ვაკეთებთ, ჩვენი ცხოვრების წესი გახდება, თანაც გაუცნობიერებლად.

ვიზუალური ცვლილება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იქნება, პირბადეა. პანდემიის დროს მისი ტარება საქართველოში ყველა დახურულ სივრცეში სავალდებულოა. თუმცა, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვირუსისაგან დაცვის ეს მექანიზმი აუცილებელი აქსესუარი გახდება. 

ვაქცინის და სამკურნალო მედიკამენტის მოლოდინში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი დისტანცირებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმებიც დაცვაა.

ჩვევად იქცევა სოციალური დისტანცირებაც, რასაც ახლა მედიკოსები ეკრანებიდან ყოველდღე გვახსენებენ, სუპერმარკეტებში კი სპეციალური მონიშვნებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე პერიოდი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კონკრეტული ქმედება, რომლებსაც ახლა ყოველდღიური შეხსენებით ვაკეთებთ ქცევაში გადავიდეს. მეტიც, ადამიანები შეძლებენ უარი თქვან ისეთ აქტიურ ქცევაზე, როგორიც მისალმებისას ხელის ჩამორთმევაა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთი ტიპის კრიზისის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევის გადაწყობა და სწრაფი ადაპტაციაა. თავად ამის გამოცდილება აქვს. პეკინში კარანტინში ერთი თვე გაატარა. მისი თქმით, რეკომენდებული ქცევა რომ ჩვევად იქცეს და ავტომატური გახდეს, ის ფასეულობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე დღეს თითქმის აღარ არსებობს დაწესებულება, სადაც შესასვლელში ხელის სადეზინფექციო საშუალება არ გხვდება. ეს მოცემულობა სავარაუდოდ არც პანდემიის შემდეგ შეიცვლება. პანდემიის შემდეგ მრავალი ადამიანის საცხოვრებელი სახლი სამუშაო ოფისის ფუნქციასაც შეითავსებს, რადგან სამუშაოს გაციფრულებამ ბევრი კომპანია დააფიქრა დისტანციური მუშაობის პოზიტიურ მხარეებზე. ამავე კომპანიების თანამშრომლები კი მინიმუმამდე შეამცირებენ სამსახურეობრივ მივლინებებს და შეხვედრები ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება.

დღის ამბები