30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ორშაბათიდან ცარიელ ქუჩებს მანქანები შეავსებს - მთავრობის გეგმის მიხედვით ქვეყანა ძველ რიტმს 6 ეტაპის გავლის შემდეგ დაუბრუნდება

ქვეყნის მასშტაბით პირველი ის შეზღუდვა მოიხსნება, რომელთან ერთად ცხოვრებაც, პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მცირე დროით მოუწია. 27 აპრილს ქალაქის ქუჩებში კომენდანტის საათამდე ავტომობილებით გადასაადგილებლად სპეციალური საშვები აღარ დასჭირდება. 2 კვირიანი პაუზის შემდეგ, დილის 6 საათიდან შეზღუდვა მოიხსნება ტაქსებისთვისაც.

23 დღიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა, ხილისა და ბოსტნეულის ყიდვას მაღაზიების გარდა, ახლა უკვე ღია ტიპის აგრარულ ბაზრებშიც შეძლებს. ონლაინ ვაჭრობასთან ერთად ნებისმიერი პროდუქტის მიტანის სერვისიც აღდგება. მუშაობის დაწყებას, მხოლოდ ისინი შეძლებენ ვინც, შესაბამისი წესებსა და რეკომენდაციებს დაიცავენ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილურობის შემთხვევაში 11 მაისისთვის შესაძლებელი გახდება სამშენებლო მასალების წარმოება და აღდგება მშენებლობა. დასაშვები გახდება სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირებაც. ქვეყნის მოქალაქეებს კი, მანქანების ავტოსერვისში მიყვანისა და მათი გარეცხვის შესაძლებლობა მიეცემათ.

მომდევნო ეტაპზე მოსახლეობას ნივთების ონლაინ რეჟიმში შეძენის პარალელურად, მაღაზიებში წასვლისა და მათი ადგილზე შეძენის საშუალებაც მიეცემათ. 25 მაისიდან მუშაობას აღადგენენ მხოლოდ ის საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც ქუჩის მხრიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ. მათ პარალელურად შეზღუდვა მოეხსნება ყველა ღია ტიპის ბაზრობას, წარმოებასა თუ გამომცემლობას.

ღია ტიპის კაფეებთან ერთად, მუშაობას შეძლებენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრები და სილამაზის სალონები. ეპიდემილოგიური ვითარების მიხედვით, შეზღუდვა ივნისისთვის სავაჭრო მოლებისა და ყველა ტიპის საფინანსო მომსახურებაზე მოიხსნება.

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამაზე მთავრობას გადაწყვეტილება ჯერ არა აქვს მიღებული. COVID-19-თან ბრძოლისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას გაივლის.

დღის ამბები