30 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
თეთრიწყაროში დაინფიცირებული ექთანი და სამი ჩაკეტილი სოფელი ბოლნისში - გაიზრდება თუ არა ჩაკეტილი ადგილების რაოდენობა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, იქ სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, COVID ინფექციის რუქაზე ნელ-ნელა წითლდება. აქ საფრთხე იმ ექთნის ანალიზის პასუხის შესაბამისად გაჩნდა, რომელსაც კორონავირუსის დადასტურებამდე ასობით პაციენტთან ჰქონდა შეხება. გაირკვა, რომ COVID-19-ის სიმპტომების მქონე ქალი, თეთრიწყაროს გარდა, ბოლნისის სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობდა. რამდენიმე დღიანი ეჭვები, რომელიც ტემპერატურის გამო არსებობდა, ლაბორატორიულად მხოლოდ დღეს დადასტურდა.

ახლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ერთით გაიზრდება თუ არა საქართველოში, ჩაკეტილი ადგილების რაოდენობა. ამას განსაზღვრავს ეპიდემიოლოგების კვლევაც - იპოვიან თუ არა, ვირუსის გავრცელების ამ დრომდე უცნობ კვალს.

თეთრიწყარომდე კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც უკვე ერთი თვეა ისედაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, სამი სოფლისთვის შეზღუდვები გაორმაგდა. ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი - დღეიდან დაკეტილია. კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა ოჯახურმა ჯგუფებში ადგილზე ეპიდსიტუაცია დაამძიმა. ასე გამოეყო სამივე სოფელი ბოლნისის დიდი რისკის ზონას.

საფრთხემ ბოლნისში მას შემდეგ იმატა, რაც COVID-19 კიდევ 19 პირს დაუდგინდა. ახალი პაციენტები, უკვე დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტები არიან. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მყოფი COVID ინფექციის მატარებლებიდან ყველა თბილისში მკურნალობს.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქებს შორის დამაკავშირებელ გზებზე პოლიცია და ჯარი გამოჩნდა. 23 მარტიდან დღემდე ამოწმებენ ყველას ვინც, ამ კონკრეტული ქალაქებისა და სოფლების ტერიტორიაზე გადაადგილდება. დაწესებული შეზღუდვების გამო, ახლა აქ ძირითადად ტვირთის გადამზიდავები და სადისტრიბუციო მანქანები მოძრაობენ.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქვემო ქართლში, ვირუსის გავრცელების ჯგუფს 2 მსხვერპლიც ჰყავს. მხოლოდ იქ, ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი - 100-ს უახლოვდება.

დღის ამბები