ყანდაურაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი ნოდარ გამყრელიძე პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.
მას სახელმწიფო ბრალდება დედის მკვლელობას ედავება, თუმცა მოკლულია მისი ძმა, რძალი და ორი ნათესავიც.
"კურიერის" ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთწლიანი ძებნის შემდეგ ნოდარ გამყრელიძეს საკუთარ სოფელში მიაკვლიეს. ადგილობრივების თქმით, დაკავების დროს ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.
ცნობისთვის, გასული წლის 3 მაისს სოფელ ყანდაურაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო და 82 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მას შვილის, რძლის, ცოლისა და ორი მეზობლის მკვლელობას ედავებოდნენ. თუმცა,მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მუხლი გადაკვალიფიცირდა და ხანდაზმულ გამყრელიძეს სახელმწიფო ბრალდება მეუღლის მკვლელობაში დახმარებას ედავება.
ამავე საქმეში ფიგურირებენ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარება. მისი საქმის ირგვლივ სასამართლო სხდომები თელავის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.
ცოტა ხნის წინ დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წაყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკონკრეტებს, ვის ედავებიან დანარჩენი 4 ადამიანის მკვლელობას.