30 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ჩაკეტილი ღვანკითი და კორონავირუსის ახალი შემთხვევები - საქართველოს მასშტაბით ე.წ. კლასტერები იზრდება

სოფელ ღვანკითში, სადაც 705 ოჯახი ცხოვრობს, იზრდება ინფიცირებული პირების რაოდენობა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში COVID-19 დღეს კიდევ 2 პირს - შუახნის კაცს და ქალს დაუდასტურდა. ახლა სოფელში 12 ინფიცირებული პირია.

ექიმების ინფორმაციით, მათ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. მოსახლეობა შიშობს, რომ სოფელში ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება, რადგან აღდგომის დღეებში ადგილობრივებს ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ, ახლა თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავენ და ტესტების ჩატარებას ითხოვენ.

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების გაზრდის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და 23 აპრილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა.  

თერმოსკრინინგი უკვე 723 ადამიანს ჩაუტარდა და კიდევ 2 500-მდე პირს შეამოწმებენ, რაც ეპიდემიოლოგებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ, რა საფრთხეებია სოფელში და არის თუ არა საჭირო დამატებით შეზღუდვების დაწესება. სოფელში უკვე გაიხსნა სასურსათო მაღაზიები, ამბულატორია და აფთიაქი.

იზრდება ქობულეთის ინფიცირებული ჯგუფის წევრების რაოდენობაც. დღეს კიდევ ერთ, 70 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და უკვე მასთან დაკავშირებული ერთი ოჯახი მონიტორინგის ქვეშ არის. კვლავ ჩაკეტილია ქობულეთის 4 სოფელი, მოძიებულია უკვე 530 პირი და აქედან 35-ს COVID -19 აქვს დადასტურებული.

გაჩნდება თუ არა თბილისში ვირუსით ინფიცირების კიდევ ერთი და დიდი ჯგუფი ჩუღურეთის რაიონში - ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი პირის მოძიება მოხდება, ვინც პირდაპირ თუ ირიბ კავშირში იყო შუახნის ქალთან. 65 წლის ქალს COVID-19 2 დღის წინ დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ქალის ოჯახის 4 წევრი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაშია

იზრდება ე.წ ბოლნისის კლასტერიც. დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 ინფიცირებული პაციენტი ბოლნისის კლინიკიდან გადმოიყვანეს.

კორონავირუსი არ დაუდასტურდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორთაჭალის ფილიალის თანამშრომლებს. 7 პირზე ჩატარებულმა ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში მეორედ გაგზავნილი მონაცემები უარყოფითი აღმოჩნდა.

უარყოფითი პასუხი მივიდა "ევექსის" კლინიკაშიც. საუბარია შუახნის კაცზე, რომელიც 11 აპრილს კლინიკაში ინფარქტის ნიშნებით შეიყვანეს, თუმცა მას ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია რამდენიმე დღეში გამოუვლინდა. მისი მონაცემები რამდენჯერმე გადამოწმდა და საბოლოოდ, COVID-19 არ დაუდასტურდა.

კორონავირუსით თბილისში 190 ადამიანია ინფიცირებული. რეგიონში - 102. პაციენტების ზრდის პარალელურად, სამედიცინო დაწესებულებებს გამოჯანმრთელებული პირებიც ტოვებენ.

დღის ამბები