30 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მსოფლიოს მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება - ვაქცინაზე მუშაობის დაჩქარებას კი გლობალური დატვირთვა აქვს

მსოფლიოში პანდემიის ეპიცენტრი კვლავ შეერთებული შტატებია. ქვეყანას კოვიდინფექციით 50 ათასზე მეტი დაღუპული ჰყავს. მზარდი სტატისტიკის გამო, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ სოციალური დისტანცირების ზომები ზაფხულამდე გაგრძელდეს. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შტატების წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარი გამოყო.

კორონავირუსის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპი კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, ადამიანი კორონავირუსისგან განკურნოს. პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ, ექიმებმა და სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელმა კომპანიებმა მოსახლეობას მიმართეს, რომ ტრამპის სამედიცინო რჩევებს არ მოუსმინონ, რადგან პრეზიდენტის იდეას, შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

შტატების მსგავსად, მონაცემები მზარდია ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათში 6 ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. იტალიაში კი საერთო ჯამში COVID ინფექციის 190 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. მონაცემები თითქმის 158 ათასს აღწევს საფრანგეთში. დიდ ბრიტანეთში კი უკვე მოხალისეებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს.

დღეს შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება დაიწყო ლიეტუვამ და ჩეხეთმა. ევროკავშირის ლიდერები ვირუსის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმაზე უკვე შეთანხმდნენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ფონდი ერთი ტრილიონი ევროს მობილიზებას მოახდენს.

დღეს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში, კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი განიხილეს ევროპელმა ლიდერებმა ჯანმოს ხელმძღვანელთან. ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობის დაჩქარებას გლობალური მნიშვნელობა აქვს.

სიდნეიში ადგილობრივმა საბჭომ ხალხმრავლობის გამო, სამი სანაპიროს ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა, რომელიც მოსახლეობისთვის პირველად ხუთი დღის წინ გაიხსნა იმ პირობით, რომ სიდნეის მცხოვრებლები სანაპიროზე მხოლოდ ვარჯიშის მიზნით წავიდოდნენ, თუმცა მოსახლეობა ამ მოწოდებას არ დაემორჩილა და დაარღვია ფიზიკური დისტანცირების წესები.

კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა თურქეთშია, სადაც ბოლო 24 საათში 115 პაციენტი გარდაიცვალა. COVID ინფექცია კი 2 ათას 500-მდე ადამიანს დაუდგინდა. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა რუსეთშიც და 615-ს მიაღწია. ​ ქვეყანაში ვირუსი 68 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, ინფიცირებულთა შორისაა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველიც. უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებული 7600- ზე მეტი ადამიანია.

დღის ამბები