30 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
როგორ გაიხსნება საქართველო ეტაპობრივად - მთავრობის გეგმის მიხედვით, ივლისისთვის ყველა ბიზნესი ამოქმედდება

მალე ქალაქის ქუჩებში, დიდი ალბათობით, ისევ საცობები იქნება. ორშაბათიდან თბილისის ცარიელ სატრანსპორტო კვანძს და ზოგადად, ქუჩებს, ისევ მანქანები შეავსებს. გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასთან ერთად, თანდათან ეკონომიკური საქმიანობაც უნდა აღდგეს. ასეთია მთავრობის გეგმა, რომელიც სულ ექვს ეტაპს მოიცავს. ეტაპებს შორის შუალედი ორი კვირა იქნება. პირველი ეტაპი ორშაბათიდან შევა ძალაში და ეს ითვალისწინებს შემდეგს:

1. მსუბუქი ავტომობილებით შიდა გადაადგილებას; ტაქსების ოპერირებას; როგორც საბითუმო, ასევე საცალო ონლაინვაჭრობას; მიტანის მომსახურებას ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირებას. 

2. დაახლოებით ორ კვირაში, ანუ მეორე ეტაპზე, მთავრობა შეზღუდვებს მოხსნის და დასაშვები იქნება: მშენებლობა; სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; სამშენებლო მასალების წარმოება; ავტოსამრეცხაოებისა და სერვისების სრულად ფუნქციონირება; კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

3. შემდეგი ეტაპისთვის კი, დაახლოებით ერთ თვეში, მოლების გარდა, ფუნქციონირებას გააგრძელებს: საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან; ყველა ტიპის ღია ბაზარი; ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

4. გეგმის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, ივნისის პირველი კვირიდან, უკვე სავაჭრო მოლებიც უნდა გაიხსნას. ასევე ამუშავდება ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები; ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება; სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

5. მეხუთე ეტაპი ამ გათვლებით დაიწყება ივნისის ბოლოს, გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ასევე ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

6. ივლისისთვის, დღეს არსებული გათვლებით, საბოლოო ეტაპი უნდა დადგეს. შესაბამისად, ფუნქციონირებას გააგრძელებს: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა; აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი; სასტუმროები; საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა.

ჯერ ისევ უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, არ კონკრეტდება, როდის განახლდება გეგმური სამედიცინო ოპერაციების ჩატარება. ეს ორი სფერო პირდაპირაა დაკავშირებული ეპიდემიის გეოგრაფიასა და გავრცელების სისწრაფესთან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომელიმე ეტაპისთვის მათი მიბმა სუბიექტური იქნებოდა. შევა თუ არა გაწერილ გეგმაში ცვლილებები, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

დღის ამბები