30 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ეს იქნება დაახლოებით 350 000 ფორმალური, ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ - გიორგი გახარია

3 მილიარდ 500 მილიონი ლარით განსაზღვრული ანტიკრიზისული გეგმა - მთავრობამ ის პრიორიტეტები დაასახელა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო, საგარეო ვალითა და მიღებული ფინანსური მხარდაჭერით მობილიზებული თანხები მსოფლიო პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად გაანაწილა.
მილიარდ ლარზე მეტი ეკონომიკურმა გუნდმა მიმართა მოსახლეობის დასახმარებლად. ეკონომიკისა და ბიზნესის სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდზე მეტი ლარი. 350 მილიონი კი ჯანდაცვის სისტემას მოხმარდება.

მთავრობის პროგნოზით, დაახლოებით 350 000-მდე ფორმალურად დასაქმებული პირი კარგავს სამუშაო ადგილს პანდემიის გამო. რაც შეეხება არაფორმალურად დასაქმებულებს, გიორგი გახარიამ განმარტა თუ რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ ასეთ მოქალაქეებს, რომ შემოსავლების დადასტურება შეძლონ.

სახელმწიფო ფიზიკური დახმარებისთვის დაპირების ჩარიცხვას მაისიდან დაიწყებს. უმუშევრობის პერიოდის ათვლა კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან დაიწყება.

"პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციის, რომელიც დღეს არის, არა ხვალ იქნება, ზეგ იქნება, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით სადღაც 350 000 ფორმალური, ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ, მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებით გაკეთებული, ფორმალურზე ვსაუბრობთ, თუმცა ამის გარდა იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილში სერიოზული პრობლემები.

არაფორმალურად დასაქმებული, უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი ელემენტარული, სადაც ის შრომობდა; მძღოლისთვის ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენტარულად, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა.

ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ასეთი სოციალური დახმარება გავცეთ. ასეთი ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს.

ეს დახმარება შეეხება ადამიანებს, რომლებიც კომპანიამ ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვა მათაც. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ ფორმალური დასაქმების ნაწილში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე.

ამიტომ ჩვენი დახმარების ხასიათიც არის 6 თვიანი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ. რა თქმა უნდა პოპულისტურად ჩვენ შეგვეძლო, რომ გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ აი ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით. არა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი. ეს არის საუკეთესო პრაქტიკა," - განმარტა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები