კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა თურქეთშია, სადაც ბოლო 24 საათში 115 პაციენტი გარდაიცვალა. COVID ინფექცია კი 2500-მდე ადამიანს დაუდგინდა.
მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა რუსეთშიც და 555-ს მიაღწია. ქვეყნაში კორონავირუსი 68 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, ინფიცირებულთა შორისაა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველიც.
უკრაინაში კი COVID-19 7500-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.
პანდემიის ეპიცენტრი კი კვლავ შეერთებული შტატებია. ქვეყანაში კოვიდინფექციის 50 ათასი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ სოციალური დისტანცირების ზომები ზაფხულამდე გაგრძელდეს. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შტატების წარმომადგენელთა პალატამ 484 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
კორონავირუსის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, დონალდ ტრამპი კრიტიკის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს რომ COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლოა, სადეზინფექციო საშუალებები იყოს გამოყენებული. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას მალევე მოყვა მედიკოსების კრიტიკა. ექიმები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იდეას შესაძლოა, ფატალური შედეგები ჰქონდეს.
შტატებისგან განსხვავებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები მცირდება ევროპის ქვეყნებში. ესპანეთში საერთო ჯამში 213 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, იტალიაში კი მონაცემები თითქმის 190 ათასს აღწევს. შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება დაიწყო რამდენიმე ქვეყანამ. მათ შორის ლიეტუვამ და ჩეხეთმა. დიდ ბრიტანეთში კი მოხალისეებზე COVID-19ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. ევროკავშირის ლიდერები ვირუსის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმაზე უკვე შეთანხმდნენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, ფონდი ერთი ტრილიონი ევროს მობილიზებას მოახდენს.
სიდნეიში ადგილობრივმა საბჭომ დაფიქსირებული ხალხმრავლობის გამო, სამი სანაპიროს ხელახლა დაკეტვის ბრძანება გასცა, რომელიც მოსახლეობისთვის პირველად ხუთი დღის წინ გაიხსნა იმ პირობით, რომ სიდნეის მცხოვრებლები სანაპიროზე მხოლოდ ვარჯიშის მიზნით წავიდოდნენ, თუმცა მოსახლეობა ამ მოწოდებას არ დაემორჩილა და დაარღვია ფიზიკური დისტანცირების წესები.
ისლამის ისტორიაში პირველად რამადანის პერიოდში მექაში ქააბის მეჩეთი საზოგადოებისთვის დაიხურა. ლოცვას მხოლოდ სასულიერო პირები და ადგილზე დასაქმებულები შეძლებენ. რამადანის პირველი საღამოს ლოცვა სატელევიზიო ეთერით გადაიცა. სასულიერო პირები მორწმუნეებს მოუწოდებენ რამადანის დროს კორონავირუსის დასრულებისთვის ილოცონ.