30 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
იქნება, თუ არა მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი სექტემბრისთვის - ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოს 24 კომპანია მუშაობს

მსოფლიო და მათ შორის საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია. მეცნიერების აქტიური შრომის მიუხედავად, უცნობია, როდის არის შესაძლებელი სამყარო უხილავ მტერს გაუმკლავდეს. თუმცა მედიკოსების და მეცნიერების დიდი ნაწილი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ კორონავურუსის ვაქცინის გამოცდის ფაზა დაიწყო.

გერმანიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების ნებართვა გასცეს - ინფორმაციას თავად გერმანული მედია ავრცელებს. პოტენციური ვაქცინა, სახელწოდებით – "ბიენთი 162" გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა 2-მა კომპანიამ ერთად შექმნა.

საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ, ვაქცინის შემოწმება იგეგმება აშშ-იც.

საქართველო პროცესს ოპტიმისტურად უყურებს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ანტივირუსი წარმოებაში ვერ მოხვდება და მანამდე ქვეყანა პლაქვენილის გამოყენების პროტოკოლის შეცვლას არ აპირებს.

ვაქცინის სახით, ინფექციონისტები ბრძოლის იარაღს ელოდებიან, თუმცა ვადებზე საუბარი უჭირთ. მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ექიმებს მაღალი მოლოდინი აქვთ და ბიოსამედიცინო სფერო საკითხს აქტიურად განიხილავს. მანამდე პაციენტებს ანტივირუსული პრეპარატებით უმკურნალებენ, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფექციონისტის ინფორმაციით, დაახლოებით 20 დასახელების მედიკამენტი განიხილება, რომელიც იმუნურ სისტემაზეც იმოქმედებს.

საქართველოში მედიკოსების ნაწილი ვაქცინის შექმნის საკითხს სკეპტიკურად უყურებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ფიქრობს,  რომ ჯერ ჯერობით ყველა მცდელობა და დაპირება ვაქცინასთან დაკავშირებით არარეალურია.

ვაქცინის შექმნას სკეპტიკურად უყურებს ქართველი მედიკოსი, რომელიც წლებია გერმანიაში მუშაობს. იაგო ფრანგიშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო საუკეთესო ბრძოლის იარაღი არის ჰიგიენური ნორმების დაცვა, რადგან მედიკოსის ინფორმაციით, მეცნიერები ჯერ კიდევ 2003 წლიდან ცდილობდნენ კრონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შეექმნათ, თუმცა, ვერ მოახერხეს. ახალი ყველანაირი მცდელობა, მისი თქმით, კომერციული მიზნებისთვის ხდება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე არსებული ინფორმაციით, მსოფლიოში 24 კომპანია მუშაობს. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია ერთ- ერთი კარგად გამართული დისტრიბუცია და ვაქცინის შექმნის შემთხვევაში ქვეყანაში მისი შემოტანა დროულად მოხდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამჟამად, მსოფლიოში კრონავირუსით 2 მილიონ 700 ათასამდე ინფიცირებულია, გარდაცვლილია 187 ათასი ადამიანი. COVID-19 - 732 ათასმა დაამარცხა.

ვაქცინის შექმნამდე ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის თვეებში როგორც სხვა სეზონური გრიპი, კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლები შემცირდება, თუმცა, მანამდე მსოფლიოს უხილავ მტერთან პირისპირს ბრძოლა მოუწევს.

სულ მცირე, 20 სხვადასხვა ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ოთხი კლინიკურ ეტაპზეა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ კორონავირუსის ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება მზად. თუმცა, "ვაშინგტონ პოსტი" იუწყება, რომ ვაქცინის წარმატების შემთხვევაშიც, მისი მომარაგებისა და ხელმისაწვდომიბის პრობლემის მოგვარებას 12-დან 18 თვე დასჭირდება.

დღის ამბები