ღვანკითელმა პაციენტმა, 10 აპრილის ანალიზის პასუხით, ამავე სოფლის ყველა ოჯახი ერთ დასახლებაში, ზუსტად 13 დღის შემდეგ გამოკეტა. თანაც ისე, რომ სოფლის მოსახლეობის უმრავლესობამ არაფერი იცოდა. მათი ნაწილი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მკაცრ იზოლაციაშია, როდესაც სოფლის 5 მისადგომთან გამთენიისას ჯარი დახვდათ.
სოფელი ღვანკითი გარესამყაროსთან ერთად, მოწყდა შესაძლებლობასაც, რომ ადგილობრივებს თავისუფლად შეეძინათ საკვები პროდუქტები. სოფელში, სადაც თითქმის 2500 ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სასურსათო მაღაზია, რის გამოც უკვე წლებია მოსახლეობა არსებობისთვის მნიშვნელოვან პროდუქტს, სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში ყიდულობს. დღეს დილის 6 საათიდან კი, ამის უფლებაც აღარ აქვთ. სოფელში არც აფთიაქია, რომლითაც ათასობით ადამიანი საჭირო მედიკამენტებით ისარგებლებდა.
საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანგებოდვე გაიხსნება რამდენიმე ობიექტი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იმის გამო, რომ მკაცრ კარანტინში მცხოვრები ადამიანები საკვების და მედიკამენტების გარეშე არ დარჩნენ.
თერჯოლის რაიონის ერთ სოფელში ეპიდემიოლოგების ბრძოლა COVID-19-ის გავრცელების შეჩერებასთან უშედეგო აღმოჩნდა. მოვლენები იმავე სცენარით კი შესაძლოა, მეზობელ სოფლებსა და ქალაქებშიც განვითარდეს. რისკს, საფრთხესთან ერთად, ის გარემოებაც ზრდის, რომ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები და მათივე კონტაქტები, ყოველდღიური ცხოვრებისთვის სხვადასხვა სასურსათო მაღაზიებით სარგებლობდნენ.
700-ზე მეტი ოჯახის იზოლაციაში ცხოვრების ათვლა, ზუსტად 15 საათის წინ დაიწყო. ამდენივე საათია სოფელში ეპიდემიოლოგებმა აქტიური მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყეს. მოსახლეობის უმრავლესობა უკვე შესწავლილია.
ამ დროისთვის სოფელ ღვანკითს, უკვე COVID ინფიცირებული 10 პაციენტი ჰყავს.