სოფელ ახმამედლოში მეორე დღეა დაწესებული რეგულაციები სრულად ირღვევა. ერთად შეკრებილი ფერმერები დილიდან სადისტრიბუციო მანქანებს ელოდებოდნენ. ხმაური და ხალხმრავლობა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზების შეფერხებას მოჰყვა.
არფალოს, კირფალოსა და ახმამედლოს მცხოვრებნი ხელისუფლებისგან დახმარებას მოსავლის რეალიზებაში ითხოვენ.
დღეში 8 სადისტრიბუციო მანქანით 80 ტონა მოსავლის სარეალიზაციოდ გატანა, მარნეულში ყოველდღიურად მოხდება - ასეთია ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
შოთა რეხვიაშვილი აქციაზე შეკრებილებს შეხვდა და გეგმა გააცნო. ხვალიდან შედგება ფერმერთა ოჯახების სია და სადისტრიბუციო მანქანები მოსავლის წასაღებად სახლებში მიაკითხავენ - ასე რწმუნებულის განმარტებით, სოციალური დისტანცია და რეკომენდაციები დაცული იქნება.
ადგილობრივების პროტესტი გუშინ, პროდუქციის ფასის გაიაფებასაც მოყვა. სადისტრიბუციო კომპანია "ჯიბე," რომელიც მარნეულში პროდუქტის რეალიზებას უწყობს ხელს, კიტრს 7- 8 თეთრით ნაკლებ ფასში იბარებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები კომპანიას მონოპოლიზაციაში ადანაშაულებენ და ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობენ.
ორგანიზაციის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ლევან დავითაძე ამბობს, რომ პროდუქტის გამოტანა სანიტარული ნორმების დაცვით ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.
სადისტრიბუციო კომპანია "ჯიბეს" ირგვლივ გაჩენილ კითხვებს დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმაც უპასუხა. ლევან დავითაშვილის თქმით, ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობს და გარდა კომპანია "ჯიბისა", ქვემო ქართლში ათობით სხვა კომპანია დაუბრკოლებლად ახორციელებს პროდუქტის შეძენას.
ფერმერებისთვის პროდუქციის რეალიზების შეფერხება, როგორც ხელისუფლება ამბობს 27 აპრილამდე გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება და გაწერილი გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება.