30 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
სოფლები პანდემიის პირობებში - პროდუქტებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა მოსავლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს

კორონავირუსისგან თავის დასაცავად ამოქმედებულმა რეგულაციამ უკვე რამდენიმე დღეა სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტზე წვდომა შეუზღუდა. განსაკუთრებით იმ სოფლებს გაუჭირდათ, სადაც სასურსათო მაღაზია და აფთიაქი არ არის. რაიონული ცენტრისგან მოშორებით დასახლებულებს საკვებ და ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელი აღარ მიუწვდებათ. ამის გამო, მათი ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაწყვეტას პირადი რესურსებით ცდილობს.

მობილობის შეზღუდვით გამოწვეული დისკომფორტის გამო დახმარებას რეგიონის მოსახლეობას ადგილობრივი მთავრობა ჰპირდება. ამისთვის, რაიონული ცენტრისგან მოშორებით დასახლებულმა სოფლის რწმუნებულს, თვითმმართველობის მეთაურს, ან გუბერნიის ცხელ ხაზს უნდა მიმართოს.

საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრულმა რეგულაციებმა პრობლემები შექმნა მეწარმეებისთვისაც. ფერმერებს ახლა გამოწვევები აგრარული პროდუქტის რეალიზაციის მიმართულებით აქვთ. ამ შემთხვევაშიც, მათი პროდუქტის ტრანსპორტირებაში დახმარებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგულაციებით გამოწვეულ დისკომფორტზე ინფორმირებულები არიან, თუმცა გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ვირუსის შეკავებით ამართლებენ და მის ეტაპობრივად მოხსნას აანონსებენ. პროდუქტის რეალიზაციის პრობლემას კი მობილობასთან ურთიერთკავშირით ხსნიან და სიტუაციის დასტაბილურებას უახლოესი კვირიდან პროგნოზირებენ.

ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში 27 აპრილამდე დარჩება. გადაწყვეტილება შიდა მობილობის შემცირებას და ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

დღის ამბები