30 ნოემბერი 2024,   02:04
ვრცლად
ხელისუფლებამ აიმაღლა რეიტინგი იმით, რომ მოსახლეობა ჯერ დააპანიკა და მერე დააჯერა, რომ ის არის მხსნელი - ზურაბ ჯაფარიძე

იპოდრომზე სეირნობა-აქციის მონაწილეების დაკავებას და დაჯარიმებას პარტია "გირჩის" ლიდერი გამოეხმაურა, რომელიც თავადაც აღმოჩნდა დაჯარიმებულთა შორის. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს არანაირი კავშირი არ აქვს პანდემიის შეკავებასთან და ის რეიტინგის ამაღლებას ემსახურება. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლებამ მოსახლეობა ჯერ დააპანიკა და მერე თითქოს მხსნელად მოევლინა:

"ჩვეულებრივი პოლიციური სახელმწიფოა, გამოგვკეტეს სახლებში და სახლიდან გამოსვლაზე გვეუბნებიან, რომ 3000 ლარით გაჯარიმებენ, რასაც უნდათ იმას შვებიან, სინამდვილეში ამას არანაირი კავშირი არ აქვს პანდემიის შეკავებასთან, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პიარი, ხელისუფლება, რომლის რეიტინგიც ცოტა ხნის წინ იყო ძალიან დაბლა, პლინტუსთან, ახლა აიმაღლა რეიტინგი იმით, რომ მოსახლეობა ჯერ დააპანიკა და მერე დააჯერა, რომ ის არის მხსნელი და უფრო მაგრად უმკლავდება პანდემიას, ვიდრე ამერიკის და გერმანიის ჯანდაცვის სისტემები, დღეს საქართველოში უამრავი ადამიანი უკვე შიმშილობს იმის გამოც, რომ პანდემიამ დაარტყა ეკონომიკას და იმის გამოც, რომ ხელისუფლებას აქვს ასეთი იდიოტური მიდგომები,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის კურიერიც, მისი თქმით, ის აქციაში არ მონაწილეობდა და აქციის მიმდებარედ ინტერესის გამო შეჩერდა:

"შეკვეთა დავტოვე და ჩოჩქოლი დავინახე და დამაინტერესდა, გავაჩერე მოპედი და იქ დგომის გამო მომკიდეს ხელი, წამომიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, ჩემი განმარტება, რომ იქ მაგისთვის მივედი, არაფრად ჩააგდეს და გამომიწერეს ჯარიმა," - აცხადებს კურიერი ზურაბ ქუტიძე.

 

დღის ამბები