30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღო

ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს. პოლიტიკოსები წერილში მთავრობისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმებაზე წერენ და ყურადღებას პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე ამახვილებენ. ოპოზიცია პარტნიორებს ინფორმაციას აწვდის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზეც. პოლიტიკოსისთვის შეფარდებული ხუთწლიანი პატიმრობა პირობის დარღვევად და უკან გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული.

ოპოზიციონერები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, ამ სიტუაციაში მონიტორის როლი იტვირთონ და შეახსენონ ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღეს. 

"იცით, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა მათი საელჩოების პირით გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა შენარჩუნდეს და ყურადღება არ შესუსტდეს საქართველოს მიმართ. იმისათვის, რომ ეს შეთანხმება განხორციელდეს და გიორგი რურუაც, ირაკლი ოქრუაშვილიც და გიგი უგულავაც გათავისუფლდნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილება მივიღოთ და შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები დაინტერესებულები არიან პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობით საქართველოში და ესმით ის საფრთხე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება შეთანხმების ყველა პუნქტს შეასრულებს და ხაზს უსვამს, რომ პანდემია ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვერ გადაფარავს.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებას იმედი აქვს, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთვის ვერ მოიცლიან, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ასე არ არის და მათი მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა, რომ საქართველოში იყოს ნორმალური საარჩევნო გარემო. 

ჯერჯერობით, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციური პარტიების ღია წერილის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. 

 

დღის ამბები