30 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი მოწამვლით გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში - სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის შვილიც. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

"შემოყვანეს 27 წლის მამაკაცი ინტოქსიკაციის ნიშნებით, ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა CO-ს მაღალი კონცენტრაცია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ასევე მკურნალობა. პაციენტმა კლინიკაში დაყოვნებაზე უარი განაცხადა," - აღნიშნა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რის გამოც აბონენტი რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს, თუმცა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს გამათბობელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

"დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა. ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი.

ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ "თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

"თბილისი ენერჯი" გაფრთხილებთ, დაიცვათ გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება. გაუფრთხილდით საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების ჯანმრთელობას," - აღნიშნულია თბილისი ენერჯის განცხადებაში.

დღის ამბები