30 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
რა გახდა აღდგომის ღამეს ყინწვისის მონასტერში ჩხუბის მიზეზი - ორ წინამძღვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა

ყინწვისის მონასტერში განვითარებულ მოვლენებზე დღეს ბევრს საუბრობენ. როგორც ირკვევა, სააღდგომო ლოცვის დასრულებიდან რამდენიმე საათში,ორ წინამძღვარს შორის დაწყებული შელაპარაკება ჯერ ჩხუბში გადაიზარდა, შემდეგ კი სროლით დასრულდა. ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ჭრილობა მიაყენა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის მმართველს.

მამა საბა ჟღენტი "კურიერთან" ამბობს, რომ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ასევე, იმაზეც მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ორ სასულიერო პირს შორის მომხდარი კონფლიქტი რელიგიას საერთოდ არ უკავშირდება და დაპირისპირება არც მონასტრის ტერიტორიაზე მომხდარა.

ერთ-ერთი ვერსიით, ამ დაპირისპირებას შეესწრო ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც. სწორედ ის იყო პირი, რომელმაც მწვავე დაპირისპირება განმუხტა. სავარაუდოდ, ჩხუბი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომელსაც ადგილობრივი ეპარქიის მმართველი კონკრეტულ მონასტრებში გეგმავდა. აქ სასულიერო პირების დაპირისპირების შემთხვევები არ უკვირთ, რის გამოც ხშირია კონკრეტულ ტაძრებში წინამძღვრის შეცვლის ტრადიციაც.

სხვა იარაღებზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლით დაიწყო.თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან უწყება, ჯერჯერობით, თავს იკავებს. ინფორმაცია მკაცრად არის გასაიდუმლოებული საპატრიარქოშიც. ერთადერთი, რასაც, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე გვიდასტურებენ -  ჯერჯერობით, საგამოძიებო მოქმედებები აქ არ ჩატარებულა.

"კურიერი" დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ზარებს არ პასუხობს. სხვადახვა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრის დროს კი ინფორმაცია მან კატეგორიულად უარყო.

დღის ამბები