30 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
იძულებული გავხდი ჩემი თანამოქალაქეები დამეზაფრა - პაატა იმნაძე COVID-19-თან ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ღამის კურიერის ეთერში COVID-19-თან ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკაზე და სხვადასხვა ქვეყნის მიერ  ე.წ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მეთოდის არჩევაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის თქმით, ყველაფერთან ერთად გათვალისწინებული უნდა ადამიანების ცხოვრების წესიც, ამ კონტექსტში იმნაძემ საქართველო და შვედეთი შეადარა. NCDC-ის დირექტორის მოადგილის თქმით, მას ტერმინი "ჯოგური" არ მოსწონს და ურჩევნია ამას პოპულაციური იმუნიტეტი უწოდოს:

"მაგას ჩვენ ვეძახით პოპულაციურ იმუნიტეტს, კიდევ იყო კოლექტიური იმუნიტეტი, მე ნამდვილად მირჩევნია კოლექტივში, ან პოპულაციაში ვიცხოვრო, ვიდრე ჯოგში. ჯერ კიდევ არავინ არ იცის, ეს ვირუსი დატოვებს თუ არა პოპულაციურ იმუნიტეტს, ამ გზით წავიდა შვედეთი, ბრიტანეთმა დააპირა მაგრამ შემდეგ უარი თქვა, ბევრი კამათია ამაზე ქართულ საექსპერტო წრეებშიც, რომ ხომ არ უნდა აგვერჩია შვედეთის მაგალითი. შვედეთს თავის მეზობლებს თუ შევადარებთ, ნორვეგიას ან ფინეთს, 3-4-ჯერ მეტი ადამიანი დაეღუპა შვედეთს, კი, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ ჩვენს მოსახლეობაზე, მივუშვათ ვირუსი და მერე...

აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე. შვედებმა ეს გააკეთეს, ამიტომ ჰყავთ 5-ჯერ მეტი დაღუპული, ვიდრე მეზობლებს. ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა გველოდა .

შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხია, ნორდიკული ხალხია, ცხოვრების წესი აბსოლუტურად სხვანაირი აქვთ, შვედების 50%ი ცალკე, მარტო ცხოვრობს, სოციალურ დისტანცირებაზე მთავრობის მოწოდება არ სჭირდებათ, ერთ მეტრზე ახლოს მაინც არ უახლოვდებიან. ძალიან ძნელია, შვედი შეადარო ქართველს, ცხოვრების წესით. ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს,"- განაცხადა იმნაძემ.

ის მიიჩნევს, რომ ის საფრთხე, რომელიც გასულ დღეებში ხალხის თავშეყრის გამო შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით არსებობდა, აცილებულია და საქართველოში შემთხვევების მატება იაპონიის მსგავსად ხდება, რაც ცუდი შედეგი არაა.

დღის ამბები